Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის მოადგილე საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და აცხადებს, რომ „შიმშილობა დოკუმენტურად, იურიდიულად კვლავ გრძელდება“


საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე

7 ნოემბერს, გვიან ღამით, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს.

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის თხოვნით გაიმართა. პატიმარმა ციხის ადმინისტრაციას მიმართა, რომ სურდა სახალხო დამცველის ოფისისთვის გადაეცა ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილმა უთხრა, რომ 6 ნოემბერს გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები საკვები დანამატები მას არასოდეს უნახავს და არ იცის ქილები სად არის გადაღებული. სააკაშვილმა საკვები დანამატები მიიღო, ბურჯანაძის სიტყვებით „ექიმთა, ასე ვთქვათ, თხოვნით, როგორც პრეპარატის და მადიკამენტის შემცვლელი“.

ბურჯანაძემ განუმარტა ჟურნალისტებს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სააკაშვილმა მიიღო შიმშილობის დროს რამდენიმე მილიგრამის ოდენობით, ერთჯერად და ერთეულ შემთხვევებში, იყო სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, კონკრეტული პრეპარატების ჩასანაცვლებლად, "მედიკამენტებით კუჭის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად".

ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მცირე დოზის დანამატები მიიღო თამთა დემურიშვილთან, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ხელმძღვანელთან კორმუნიკაციის შემდეგ და უარი თქვა დოზის გაზრდის შეთავაზებაზე. ბურჯანაძის თანახმად, შემოწმებული სამედიცინო ჩანაწერებით, მართლაც დასტურდება, რომ ლაპარაკია ამ დანამატების ერთეულ და მცირე რაოდენობით მიღებაზე.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის შეკითხვაზე „შიმშილობის პროტოკოლის“ შესახებ, ბურჯანაძემ განმარტა, რომ არსებობს სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს საქართველოში შიმშილობის ფორმებს და განსაზღვრავს შიმშილობის კატეგორიებს იმის მიხედვით, თუ მოშიმშილე არ იღებს წყალს, საკვებს და ა.შ. ბურჯანაძემ თქვა, რომ პენიტენციურ სამსახურს არცერთი დღით არ შეუცვლია სააკაშვილის შიმშილობის სტატუსი, „ის სრული შიმშილობის ფორმაზე იმყოფება“ და შიმშილობას ისევე აგრძელებს, როგორც წინა დღეებში. ამდენად, მიხეილ სააკავშილის „შიმშილობა, დოკუმენტურად, იურიდიულად კვლავ გრძელდება“ და ამ კუთხით არანაირ ცვლილებას არ აქვს ადგილი, თქვა ბურჯანაძემ.

უფრო ადრე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.

6 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა კადრების გავრცელება და განმარტა, რომ „აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში“.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, გავრცელებულ კადრებზე ასახული ოთახი არის 12-ე პენიტენციალური დაწესებულების ექიმის კაბინეტი, სადაც პატიმრები მიდიან, როცა აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები.

გავრცელებული კადრების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

სახალხო დამცველის მოადგილის ინფორმაციით „ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა“.

6 ნოემბერს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აძლევს 24-საათიან ვადას მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად.

სააკაშვილი საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს. ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არალეგალურად დაბრუნდა. ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. სასამართლოს პროცესების დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG