ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძრის შესასვლელთან სამართალდამცავებთან დაპირისპირების გამო ათამდე პირი მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ შორის არის ეკლესიიდან ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ბერი მარკოზი. დაპირისპირება მოჰყვა ტაძრის ეზოში შესვლაზე პოლიციის მხრიდან მათთვის უარის თქმას.
ტაძრის შესასვლელთან შეკრებილი განკვეთილი ბერების მხარდამჭერების თქმით, ისინი იქ ყოველდღე შეიკრიბებიან და გამართავენ საპროტესტო აქციას, რადგან მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ არ ეთანხმებიან მამათა მონასტრიდან სასულიერო პირების გაძევებას.
სალხინოს ტაძრის შესასვლელთან მივიდა განკვეთილი არქიმანდრიტი ათინოგენიც. მისი სიტყვებით, ყველა ქართველი, ყველა მართლმადიდებელი, ვისაც თავისუფლება და ქრისტიანობა უნდა, იქ უნდა იდგეს. მისი განცხადებითვე, დღეს სალხინოს ტაძარში, სადაც ეპისკოპოსი სტეფანე ატარებდა წირვა-ლოცვას, მისი მომხრე, ჩამოყვანილი მრევლი ესწრებოდა, ადგილობრივები კი არ შეუშვეს და დააკავეს.
"ამათ როგორ არ უნდა შეეწინააღმდეგო და როგორ უნდა დაემორჩილო?! ეპისკოპოსი, რომელიც მილიციას, უშიშროებას იყენებს ხალხთა შესახვედრად… დღეს ჩვენ არ ვყოფილვართ… ადგილობრივი ადამიანები მისულან, ისინი დააპატიმრეს. ეს თუ ქრისტიანობაა, ეს თუ ქვეყანაში აღსრულებული სამართალია, ესენი თუ არიან ქრისტიანები და ასე თუ უნდა ექცეოდეს ეკლესია ადამიანს, თქვენთვის მომინდვია..." - თქვა მამა ათინოგენმა.
სალხინოში რამდენიმე პირის პოლიციის სამმართველოში გადაყვანაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე განმარტებას არ აკეთებს.
მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი გახდა 20-მდე სასულიერო პირს სხვადასხვა სასჯელი დააკისრა. მის მიერ განკვეთილ ბერებს სალხინოს მამათა მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. 5 ნოემბერს გამთენიისას მათ კელიები პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს და უკრძალავენ ტაძრის ეზოში შესვლას.
განკვეთილები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. სტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ ისინი სასულიერო პირები აღარ არიან და მონასტერში მათი ადგილი აღარ არის. განკვეთილი მღვდლები ეპისკოპოსს საეკლესიო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი განკვეთის გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო და ამგვარ თემებზე გადაწყვეტილებას არა ცალკეული ეპისკოპოსები, სინოდი იღებს.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავას საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა.
პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.
დაწერეთ კომენტარი