Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 35%-მდე შემცირდა დამცავი ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი


საქართველოში სულ უფრო იკლებს კორონავირუსით ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიჩნეული პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 75% იყო, გაზაფხულისთვის დაახლოებით 45%-მდე შემცირდა, დღეს კი 40%-ზე ნაკლებია.

"35%-ზეა ჩამოსული, რაზე უნდა ვილაპარაკო, პირბადის ტარების მაჩვენებელი. მიუხედავად ყოველდღიური მოწოდებისა, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობისადმი, რომ ბატონო, ვატაროთ პირბადე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, მაინც უგულებელყოფილია ყველაფერი ეს და სამწუხაროდ, გვაქვს ის, რაც გვაქვს", - განაცხადა დღეს, 8 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში დამცავი ნიღბის გამოყენება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია, თუმცა, აღსრულების კონტროლი თითქმის აღარ ხდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესება ვერ შეჩერდება, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება და წესებს არ დაიცავს. ეს წესებია პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 74 პაციენტი. სექტემბრის პიკის შემდეგ, ლეტალობის დღიურმა მაჩვენებელმა ისევ მკვეთრად მოიმატა 20 ოქტომბრიდან. მხოლოდ ბოლო სამ დღეში 209 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში ჩატარებული 21 477 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 191 შემთხვევა. კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება. გასული კვირის სამუშაო დღეებში, როცა 50 ათასზე მეტი ტესტი კეთდებოდა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 5 ათასს აჭარბებდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ზრდის ფონზე, საქართველოში ისევ დაბალია აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი. გასულ 24 საათში, 7 ნოემბერს აიცრა მხოლოდ 1 204 ადამიანი.

ვაქცინაციის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა გასული თვიდან. ოქტომბერში, ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა მხოლოდ ორჯერ იყო 9 ათასზე მეტი, სხვა დღეებში კი, საშუალოდ 5 ათასს აღწევდა. ნოემბრის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი საუკეთესო შემთხვევაში, 4 ათასამდეა, მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში სულ მცირე 30 ათასი აცრის გაკეთებას.

XS
SM
MD
LG