Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს


"გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა... მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს..." - თქვა გიული ალასანიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ის შვილთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდებოდა.
"გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა... მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს..." - თქვა გიული ალასანიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ის შვილთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდებოდა.

​საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ეჭვობს, რომ მისი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, ციხიდან გაიყვანეს. მას არ აქვს ინფორმაცია, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჰყვება მიზეზს, რამაც აფიქრებინა, რომ იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფება:

"იმიტომ ვერ შევდივართ ციხეში, რომ სადღაც გაიყვანეს... ინფორმაცია არ მაქვს... აღარ არის აქ... შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც დაწერა, რომ გადაყვანილიყო მრავალფუნქციურ დაწესებულებაში, ამასობაში უფლებების იგნორიებით თვალწინ აგვართვეს და გააქრეს... გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა... მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს..." - თქვა გიული ალასანიამ მედიასთან.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით.

29 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, სააკაშვილს ვერტმფრენით გადაიყვანდნენ.

"ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ვერტმფრენი რუსთავის ციხის სიახლოვეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.

დღეს, 8 ნოემბერს, მისი მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობდა, რომ კონსილიუმის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არის შექმნილი, რეკომენდაციაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ 4 ნოემბერს შეამოწმა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, 4 ნოემბრის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსილიუმის ახალ დასკვნებში (2021 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის) მითითებულ სამედიცინო სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხის მონიტორინგი. შემოწმდა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების წინა, 2021 წლის 24 ოქტომბრის ვიზიტის შემდგომ.

სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ მიიჩნია, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეესაბამება.

მიხეილ სააკაშვილმა, მისი ადვოკატების ინფორმაციით, თავიდანვე განაცხადა უარი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მის შესაძლო გადაყვანაზე. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გარდა, დამატებით უსაფრთხოების რისკებსაც შეიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG