Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის სამხედრო ჰოსპიტალი: მზად ვართ ყველას მისაღებად, მათ შორის სააკაშვილის


გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთმელიძე ამბობს, რომ კლინიკაში მზად არიან მიიღონ ნებისმიერი პაციენტი, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს იყო კლინიკის დირექტორის პასუხი კითხვაზე, მათთან ხო არ გადაჰყავთ რუსთავის ციხიდან სააკაშვილი.

"მზადყოფნაში ვართ, არანაირი ვერტმფრენი არ მოსულა... არ მიგვიღია ინფორმაცია, უბრალოდ ვართ მზად... შესაძლებლობა არის ყველაფრის, მაგრამ ინფორმაცია, რომ პაციენტი უნდა მოიყვანონ აქ, არ მაქვს... ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პაციენტის მისაღებად, მათ შორის სააკაშვილის..." - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

დღეს, 8 ნოემბერს, დაახლოებით 17:50 საათზე სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, მედიას უთხრა, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს.

"იმიტომ ვერ შევდივართ ციხეში, რომ სადღაც გაიყვანეს... ინფორმაცია არ მაქვს... აღარ არის აქ... შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც დაწერა, რომ გადაყვანილიყო მრავალფუნქციურ დაწესებულებაში, ამასობაში უფლებების იგნორიებით თვალწინ აგვართვეს და გააქრეს... გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა... მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს..." - თქვა გიული ალასანიამ მედიასთან.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლება პენიტენციურ სამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.

დღეს, 8 ნოემბერს, მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ კონსილიუმის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არის შექმნილი, რეკომენდაციაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG