Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი პატიმარია და მას სახელმწიფო „მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა "სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის".

მმართველი პარტიის ოფისში დღეს, 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე და ეს დანაშაულია ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება.

ირაკლი კობახიძის შეფასებითვე, „რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას“. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მიზეზი იყო ის, რომ „სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება“. კობახიძის განცხადებითვე, „სახელმწიფო ვერ დაუშვებს რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას“.

​როგორც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა და ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი:

"ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია - ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ. დღეს რადიკალების კუთვნილი პარტიული ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებას ამგვარ თემად სააკაშვილი და მისი პატიმრობა მოახვიონ თავს". კობახიძის თქმით, ხელისუფლება "რადიკალების ამ დღის წესრიგს" ვერ გაჰყვება.

"გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს", - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

​8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა ოპოზიციის მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სამი მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილიან, სამოქალაქო კლინიკაში, წართმეული არჩევნების დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.​

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელსაც გაყალბებულად მიიჩნევენ. არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მისი შიმშილობით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თითქმის ერთი თვეა მოითხოვს სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე თავიდანვე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდებოდა მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. ამას ეწინააღმდეგებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატების თანახმად, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.

​მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG