Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე: პერსონალურ სანქციებზეც იყო საუბარი


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც საქართველოში მიმდინარე ოპოზიციური აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია, ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრის დროს ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხნენ. მისი თქმით, მათ ისაუბრეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, "მიტაცებულ სახელმწიფოსა" და "მოპარულ არჩევნებზეც".

ნიკა მელიამ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს თქვა, რომ ამ ყველაფერზე ქვეყნის პარტნიორებს ექნებათ შესაბამისი რეაქცია. არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, დაწესდეს სანქციებიც.

"ჩვენი პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, განსაკუთრებით გუშინდელი შემთხვევის შემდეგ. ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაქცია... შეთანხმებულია ცივილიზებული სამყარო და თუკი მკაფიო განცხადებები გვაკლია, გაკეთდება. არ შეიძლება ქვეყანაში, რომელშიც სხვა პროგრესი შეიმჩნეოდა, არ შეიძლება ამაზე არ ჰქონდეთ ადეკვატური რეაქცია...

ხელისუფლებას - ოლიგარქიულ რეჟიმში, მიუხედავად იმ თავხედობისა, რასაც იჩენს, მათთვის უმნიშვნელო არ არის, რა იქნება ვაშინგტონში. მათთვის უმნიშვნელო არ არის, რა ითქმება ევროპაში, ჯერჯერობით არ არის უმნიშვნელო. შეუძლებელია გულხელდაკრეფილი უყურებდეს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს და ხედავდეს, როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში...

პერსონალურ სანქციებზე იყო, რა თქმა უნდა საუბარი, ჩემი მხრიდანაც და ჩემი მეგობრებისგანაც - ვამბობ იმ დოზით, რა დოზითაც შემიძლია საუბარი. ასე გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი? მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ ასცდება იმ მკაცრ სასჯელს, რასაც სანქცია ჰქვია", - თქვა მელიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა იგეგმება ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG