Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანის დაწესებულებაში ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის და ექსპერტიზის პროცედურა


სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება
სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება

სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გვიან ღამით დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.

დაახლოებით 8-საათიანი პროცედურის შემდეგ, გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც და დაილუქა ტანსაცმელი, რომელიც გლდანის დაწესებულებაში შესვლისას ეცვა. გამომძიებლის თანახმად, ექსპრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანების კვალი არ აღენიშნება, თუმცა, საბოლოო დასკვნას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს. მიქელაძის განცხადებით, გამოკითხვისას სააკაშვილისგან მიღებული ინფორმაციის შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ილაპარაკებს.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე.

„მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა და ასევე, მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. რაც ახლა ვიზუალურად ჩანს, მას დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებები ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც“, - განაცხადა თუთბერიძემ. მისივე ინფორმაციით, დახეულია ტანსაცმელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეცვა რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისას. ადვოკატის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე პროცედურას არ ესწრებოდა და გამოკითხვაში სხვა გამომძიებელი მონაწილეობდა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილს 1 ოქტომბრიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხეების გამო, საქართველოს სახალხო დამცველი და ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. ამ მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაც მოუწოდებს მისი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ. საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობისკენ მოუწოდებენ აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლები.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG