Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი: ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსთან" ილაპარაკა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. მან შეაფასა, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადაყვანა გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. გარდა ამისა, ელჩმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროებს მიხეილ სააკაშვილის მიერ „საკვების მიღების ფაქტების" გარკვეულ ნაწილს.

„რაც შეეხება მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება", - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩი ლაპარაკობს 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შესახებაც, რომელზეც ბრალდებულს დასწრების საშუალება არ მისცეს.

„რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის უფლებებს, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, მხედველობაში ვიღებთ, რომ დღეს, ბატონ სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში", - თქვა მან.

ჰარცელი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში პარტია და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

„მხედველობაში ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა, ბატონი სააკაშვილი გადაიყვანონ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადრე დასახელებული პრობლემის გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაყვანა განხორციელდება”, - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG