Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანამ გვიან არ არის


ლანა ღოღობერიძე
ლანა ღოღობერიძე

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

დღეს ჩვენ თვალწინ იწერება ქვეყნის ისტორია.


ისტორიის ზუსტ შეფასებას დისტანცია სჭირდება, რომელიც ჩვენ, პროცესების თანამედროვეებს და მონაწილეებს, არ გაგვაჩნია. და თუმცა ვიცი, რომ ჩემი პოზიციაც სუბიექტურობით იქნება დაღდასმული, მაინც ვალდებულად მიმაჩნია თავი, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ.

ყოველი ადამიანის სიცოცხლეს თავისი კანონზომიერება აქვს, ხანგრძლივ სიცოცხლეს - უფრო განსაზღვრული და მკაცრი. როდესაც სიკვდილის სიახლოვეს ყოველწუთიერად გრძნობ, სიცოცხლის ყოველ წუთსაც უფრო აფასებ და შენ წინ გადაშლილი სამყაროც უფრო გამჭვირვალე ხდება. და ეს შენი - თითქმის ერთი საუკუნის სიგრძის - არსებობა, გარკვეულ დასკვნებს გთავაზობს. ეს დასკვნა თან მოულოდნელია და თან სულ უბრალო და ბუნებრივი: უბრუნდები ჭეშმარიტებას, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში აღმოაჩინა ერთმა ბეთლემში დაბადებულმა კაცმა და რომელიც, მას მერე, ყველა რელიგიას დაედო საფუძვლად - ანუ მოყვასის სიყვარულს.

მოყვასის სიყვარული ბევრად უფრო ტევადი ცნებაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თანამედროვეობასთან მისადაგებით ის გულისხმობს სხვის, განსხვავებულის გაგებას, შენდობას, პატიებას და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი შეცდომებისა და ცოდვების გააზრებას და მონანიებას.


რა იქნება, ეს - თითქოს საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმები - დღევანდელობას რომ მივუყენოთ?


აშკარაა, რომ დღეს საქართველოში ზუსტად მოყვასის სიყვარულის საპირისპირო ვნებები ბატონობს: რადიკალიზმი, ფანატიზმი, განსხვავებულის მიუღებლობა, რწმენა იმისა, რომ ვინც შენნაირად არ ფიქრობს - ქვეყნის მტერი და მოღალატეა და ამასთან დაკავშირებული უკიდეგანო სიძულვილი, შუღლი, გაუტანლობა, მტრობა. ამ თვისებებით ხასიათდება ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე, რამაც არაერთხელ მიგვიყვანა უფსკრულში გადაჩეხვის საფრთხემდე.


და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა: პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში არ გაბატონდეს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, ყოველთვის და უმთავრესად ხელისუფლებას ეკისრება. ეს მისი მოვალეობაა - აიტანოს კრიტიკა, ხშირად დაუნდობელიც კი, და აზრთა ჭიდილში ეძებოს კონსენსუსის შესაძლებლობა. თუმცა ისიც აშკარაა, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად საზოგადოებამ და, კონკრეტულად, ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს. ეს არის თანამედროვე ქვეყნის დემოკრატიული, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული განვითარების ერთადერთი გზა.


ჩემი დაკვირვებით, დამოუკიდებელ საქართველოში ეს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
ვფიქრობ, რომ ვერც ხელისუფლებამ და ვერც საზოგადოებამ ვერ გაითავისა მთელი თავისი სიგრძე-სიგანით ის უტყუარი მოცემულობა, რომ ჯერ არ მოგვიპოვებია ნამდვილი და მყარი დამოუკიდებლობა და ქვეყანაც არ გაგვიმთლიანებია. ჯერ სულ მყიფეა და დაუცველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გზა და დემოკრატია. შეიძლება ამ დროს ასე დაუნდობლად ვებრძოდეთ ერთმანეთს?


და ყველაზე მთავარი: ვისთვის არის ხელსაყრელი და მომგებიანი ამგვარი მდგომარეობა? ობიექტურად, ცხადია, არც ხელისუფლებისთვის, არც ოპოზიციისთვის, არც მთლიანად საზოგადოებისთვის. ერთადერთი, ვისაც ხელს აძლევს ქვეყნის დასუსტება, არის დღევანდელი რუსეთი თავისი დრომოჭმული იმპერიული ამბიციებით. მოვლენების ამგვარი განვითარება მის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. მას ხომ შესაბამისი დოქტრინაც აქვს შემუშავებული, რომლის საბოლოო მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა თანამედროვედ შეფუთული სახით: ამისთვის კი მან უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება და მათ შორის უმთავრესი - ხელი შეუწყოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში საზოგადოებების გახლეჩას და ამ გზით ქვეყნების დასუსტებას! მერე კი მათ მიერთებასაც წინ აღარაფერი დაუდგება! ამ დღეებში საბჭოთა კავშირის აღდგენის რეალურმა პერსპექტივამ უკვე გაიელვა კიდეც რუსეთ-ბელარუსის თითქმის შემდგარი შეერთების გამოცხადებით.


ყველამ ვიცით, რომ ეს დოქტრინა საქართველოშიც მოქმედებს.
და რას ვშვრებით ამ დროს ჩვენ?


ჩემი აზრით, პირდაპირ ამ დოქტრინაზე ვასხამთ წყალს.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, დაპატიმრებამ, შიმშილობამ და ბოლოს - ციხის საავადმყოფოში იძულებითმა გადაყვანამ კიდევ უფრო გახლიჩა ქვეყანა. ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობამ გარდუვალად გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია. სოლიდარობის ნიშნად პარლამენტში ელენე ხოშტარიას შიმშილმა კიდევ ერთი განგაშის ზარი ჩამოკრა.
ვფიქრობ, რომ შეუქცევადი სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი ხდება.


და ისე აშკარად მეჩვენება: თუ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დავერევით (და ამისთვის აღარაფერი გვიკლია), რუსეთი, ამდენად ჩვენზე დიდი და ძლიერი, თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ გადაგვყლაპავს. და სულ განზე დაგვრჩება თითქოს მთელი ხალხის მიერ არჩეული გეზი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ანუ: ქვეყნის ნამდვილი უსაფრთხოება, მშვიდი დემოკრატიული განვითარება, მთავრობების ცვლილებები არჩევნების გზით, ხალხის ჩართვა ქვეყნის მართვაში და, ბოლოს და ბოლოს, კეთილდღეობა!
ხელისუფლების კრიტიკას და მის მიმართ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი, ის წინსვლის და განვითარების საწინდარია, ოღონდ, კატასტროფამდე რომ არ მივიდეთ, ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ის ძალადობაში არ გადაიზარდოს.
დღეს საქართველოს მთელი საზოგადოება დგას უდიდესი ამოცანის წინაშე: ყველამ ერთად ვიპოვოთ სასიცოცხლოდ აუცილებელი გზა სიტუაციის განსამუხტად.


ამიტომ მივმართავ ყველას: გონს მოვეგოთ! დავთმოთ პარტიული ამბიციები და მიზნები. უარი ვთქვათ ორი ძალის დომინირებასა და პოლარიზაციაზე.


ვიფიქროთ ქვეყნის არსებობის თანამედროვე და რეალურად დემოკრატიულ სტილზე, რაც გულისხმობს ქვეყნის მართვას არჩევნების გზით, შენაცვლებადი, კოალიციური, ხალხის ნდობაზე დამყარებული ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და ურთიერთკონტროლის გზით.

სანამ გვიან არ არის.
ამ გზაზე პირველი ნაბიჯი - სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და მისი სიცოცხლის გადარჩენა იქნება. პირველი ნაბიჯი საბედისწერო ვნებების დაცხრომის გზაზე.
დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
ერთად.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG