Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე კაცს კორპუსიდან ქვა ესროლეს და თავი გაუტეხეს


"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციაზე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ მოქალაქეს თავი გაუტეხეს. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა.

"რომ მომხვდა მაღლიდან, უცბად ავიხედე... მეექვსე სართული იყო. მოვიდა პოლიცია, ვუთხარი, რომ ბეტონის ნამტვრევი გადმოაგდო და თავში მომხვდა", - თქვა დაშავებულმა, თამაზ სტეფნაძემ.

საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დღეს, 11 ნოემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთი აქცია გამართა. მოქალაქეები ჯერ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ერთი მოთხოვნა ჰქონდათ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაპატიმრებულია და შიმშილობს, მაღალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებს. აქციები გაიმართა 8, 9 და 10 ნოემბერსაც. 10 ნოემბრის აქციაზე პოლიციამ 46 ადამიანი დააკავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა.

პენიტენციურმა სამსახურმა ის 8 ნოემბერს სამოქალაქო მრავალპროფილური კლინიკის ნაცვლად, მათ ბაზაზე არსებულ მე-18 (გლდანის) სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG