Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წაიღეს “კატე” გლდანში? - ინტერვიუ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორთან ლევან გოფოძესთან


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არაერთხელ თქვა, რომ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს აღჭურვა არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შენარჩუნებას დასჭირდება.

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებდა გამოკვლევებისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურაზე, მათ შორის, კომპიუტერულ ტომოგრაფზე, ე.წ. კატე-ზე.

8 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მალევე, ციხესთან დაახლოებით 300-კილოგრამიანი მაგნიტური ტომოგრაფიც მიიტანეს.

მეორე დღეს გაირკვა, რომ ეს აპარატი ციხეში მიტანამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებს ემსახურებოდა, თუმცა კლინიკიდან მისი წაღების შესახებ დირექტორი ინფორმირებული არ იყო.

რადიო თავისუფლება ესაუბრა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს იმის დასადგენად, თუ როგორ წაიღეს „კატე“ გლდანში.

ბატონო ლევან, თუ შეიძლება, რომ დეტალურად გვითხრათ, ვინ მოხსნა „კატეს“ აპარატი თქვენი საავადმყოფოდან და რა ვითარებაში?

ლევან გაფოძე: მე მაგ დროს არ ვიყავი კლინიკაში, როცა დადგა საკითხი, [მაშინ] წაიღეს. პირადად არ შევსწრებივარ. ამიტომ, როცა დამირეკა „ტვ პირველმა“ (რ.თ - ჟურნალისტს აინტერესებდა, მათი საავადმყოფოდან გადაიტანეს თუ არა გლდანის ციხის საავადმყოფოში „კატე“), ვუთხარი, რომ არ ვიცი-მეთქი, მერე ბოდიში მოვიხადე, რადგან თათბირზე რომ შევედი, გავერკვიე ყველაფერში.

მაგრამ როგორ მოხდა წაღება, იცით? ისე, რომ ჩვენთან უკვე დამონტაჟებული იყო მეორე ახალი აპარატი, იგივე სიმძლავრის და მონაცემების, როგორც წინა.

ასე რომ, შეუფერხებლად მუშაობს ჩვენთან კომპიუტერული ტომოგრაფი და რაც წაიღეს, ის აპარატიც მუშა მდგომარეობაში იყო, შეცვლილი ჰქონდა მთავარი ნაწილი.

თქვენ რატომ არ იცოდით ზუსტად, როდის მიჰქონდათ? „სამედიცინო ჰოლდინგმა“ გასცა ნებართვა?

იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენგან უნდა წასულიყო, მაგრამ როდის წავიდოდა, არ ვიცოდი. დილით რომ მოვედი, არ მქონდა უბრალოდ ინფორმაცია, შემდეგ გავერკვიე.

რამდენი ხნით ადრე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ დასჭირდებოდათ აპარატის წაღება?

ალბათ, როდესაც დაიწყო სივრცის მოწყობაზე საუბარი, ალბათ იყო ჯერ მოძიება, საიდან შეიძლებოდა. მერე რადგან ჩვენთან იყო საშუალება, რომ მოდიოდა ახალი 16-შრიანი „კატეს“ აპარატი, ორი ერთნაირი არავის სჭირდებოდა და წაიღეს ციხეში. ჩემთვის ძნელია თარიღის განსაზღვრა, როდის დაიწყო ამაზე საუბარი. გადაწყვეტილება ზუსტად როდის მიიღო ჰოლდინგმა და ჯანდაცვის სამინისტრომ, არ ვიცი, მათ უფრო იციან.

ძველი თუ მუშაობდა, ახალი რატომ მოიტანეს?

იყო კეთილი ნება, ასე ვთქვათ, საქველმოქმედო ორგანიზაციების, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი აპარატების მდგომარეობა და გვითხრეს, რომ „ამას გაგიკეთებთ“, როცა ახალი აპარატი გაქვს, 16-იანი, ჯობია, ახალი გქონდეს.

ახალი აპარატი როდის მოგიტანეს?

წინა დღეებში, რამდენიმე დღით ადრე მოიტანეს ახალი აპარატი და ამიტომაც ერთგვარი მეტობა გაჩნდა და წაიღეს ერთი ციხის საავადმყოფოში.

16-შრიანი ტომოგრაფი რამდენიმე დღით ადრე თუ მოგიტანეს, ახალი არ გქონდათ დამონტაჟებული და ფაქტობრივად გლდანისთვის მოიტანეს?

გადმოწერა

დღეში რამდენი პაციენტი სარგებლობს „კატეს“ აპარატით და ამ დანადგარის წაღებამ შეგიქმნათ თუ არა პრობლემები?

დღეში ვიღებთ 50-55 პაციენტს საკარანტინო სივრცეებიდან და ონლაინკლინიკებიდან, პლუს საავადმყოფოში მყოფი პაციენტები - 10-მდე ადამიანი, რომლებსაც „კატესაც“ ვუკეთებთ და ანალიზებს.

ჩვენ როცა „უკატეოდ“ ვრჩებით და ესეთი ხდება ხოლმე, იმიტომ რომ „არანორმალურ“ რეჟიმში მუშაობს აპარატი, - 50 ათასამდე კვლევა გვაქვს გაკეთებული, რომელსაც ვერცერთი ნორმალური აპარატი ვერ უძლებს, - მაშინ ვდებთ ხელშეკრულებას სხვა კლინიკებთან. ახლა, საბედნიეროდ, გვაქვს ამის საშუალება და ჯერჯერობით მუშაობს ეს ორი აპარატი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ აპარატი პაციენტს დასჭირვებოდა და ვერ მიიღო მომსახურება.

პენიტენციურმა სამსახურმა ითხოვა აპარატი თუ რა ფორმით მოხდა კლინიკიდან მისი წაღება?

ჩვენ ყველა - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რუხის, თბილისის და ა.შ. - ეს არის ერთი სამედიცინო ჰოლდინგი, ამიტომაც ქონების ასეთი განკარგვის შემთხვევაში ჰოლდინგი საქმის კურსშია და განაგებს მას. ჯერ ჩვენს ბალანსზეა, მაგრამ მერე არ ვიცი. თუ გადაცემა მოხდება, როგორ იქნება, ესეც გაირკვევა. მთავარი იყო, რომ სასწრაფო იყო ამ აპარატის გადატანა, რატომაც, მოგეხსენებათ.

ვიღაცამ დაწერა, რომ მოიპარესო, მაგრამ ვინმეს თუ ერთხელ მაინც უნახავს ტომოგრაფიის აპარატი, მისი მოპარვა როგორ წარმოუდგენია?

როგორც ვიცით, ტომოგრაფის აწყობა რთული პროცესია, საინტერესოა, რა პერიოდი სჭირდება ასეთი დიდი ზომის დანადგარის დემონტაჟს და შემდეგ აწყობას?

გააჩნია, რამდენ ნაწილად დაშლი, შესაძლებელია დიდ ნაწილებად დაშლა.

როდესაც რუხის კლინიკა გაიხსნა, ჩვენ იქ 16 -„სლაისიანი“ ტომოგრაფი გადავიტანეთ. აპარატი, სამ დიდ ნაწილად დაიშალა.

შეიძლება [აპარატის] მონტაჟს კვირები დასჭირდეს, თუ სტაციონარს არ აქვს სათანადო ოთახი, რომელშიც რენტგენის აპარატი დგას და რომელიც დაცულია გამოსხივებისგან. თვითონ აპარატის აწყობას დიდი დრო არ უნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარემოს, ვენტილაციას სჭირდება, ჩვეულებრივ ოთახში ვერ შეიტან და ვერ დადგამ. აპარატს სჭირდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც რენტგენს აქვს, რომ სხივი არ გავრცელდეს ოთახს გარეთ, იმიტომ რომ მავნეა.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენთანაც რომ მოიტანეს ახალი, ააწყვეს ერთ დღეში, რადგან რაღაც მოდულები მოდის უკვე ქარხნულად აწყობილი.

მასიურია, მაგრამ თუ სათანადო ტრანსპორტი გყავს, გადაიტან, 350 კილომდე იყო, მაგრამ წავიღეთ რუხში, სათანადო შეფუთვის პირობებში.

აპარატი რაც უფრო მეტშრიანია, [მეტ] „სლაისიანია“, მით უფრო სწრაფად აკეთებს კვლევას. ნატიფი კვლევის თვალსაზრისით, ფილტვებისთვის, გულმკერდის გადასაღებად 16 „სლაისიც“ საკმარისია.

კომპიუტერული ტომოგრაფი
კომპიუტერული ტომოგრაფი

დანადგარის ასაწყობად საქართველოში არიან ინჟინრები?

სამედიცინო ფირმების ნაწილს თავიანთი ინჟინრები ჰყავთ. [მაგალიტად] GE-ს წარმომადგენლობას ჰყავს თავისი სპეციალისტები, ვისი აპარატებიც ჩვენთან დგას. ასე რომ, ამ მხრივ არაა პრობლემა, ასევე [მონტაჟის სპეციალისტები ჰყავს] „ტოშიბას“ ფირმასაც.

რა ირკვევა დოკუმენტაციიდან

2020 წლის 21 ოქტომბერს [ამ პერიოდში უკვე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობიდან 20 დღე იყო გასული და საუბრობდნენ კლინიკაში მისი გადაყვანის საჭიროებაზე], რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გამოაცხადა ტენდერი „კატეს“ სასწრაფო შესყიდვაზე. აპარატი ტენდერის პირობებით 128-შრიანი უნდა იყოს, სავარაუდო ღირებულება 750 ათას ლარია. მიწოდებისთვის ტენდერით 30 დღეა განსაზღვრული.

შესყიდვების ვებგვერდზე ასახულია, როგორ ითხოვა ერთ-ერთმა პოტენციურმა მიმწოდებელმა შესყიდვის ვადის 60 დღემდე გაზრდა, თუმცა უარი მიიღო - კლინიკის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ კოვიდპაციენტების ჭარბი მიმართვიანობის გამო კლინიკას მოცდის დრო არ ჰქონდა.

წინადადებების მიღება 17 ნოემბერს დაიწყება და 6 დღეში დასრულდება.

დაბალი ფასი და სხვა მოთხოვნები იმაზე მიანიშნებს, რომ რესპუბლიკურს მეორადი აპარატის შესყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი, დიდი ალბათობით, ტომოგრაფი საქართველოში უნდა შეერჩიათ. ამაზე მიუთითებს მიწოდების 30-დღიანი ვადა. სხვა იდენტურ ტენდერებში ცალსახადაა მოთხოვნილი ახალი აპარატი და მიწოდების ვადად 3-4-ჯერ მეტი დრო, დაახლოებით, 120 დღეა მითითებული. ტენდერის მიხედვით, დეკემბრის 20-ისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექნება კიდევ ერთი ტომოგრაფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG