Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი - მეტი თავისუფლებამ" 6 ქალაქში სუს-ის შესასვლელი ერთდროულად ჩახერგა


პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება" საქართველოს ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობები ერთდროულად ჩახერგა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავსა და თელავში პარტიის წარმომადგენლებმა მანქანები სუს-ის შენობების შესასვლელში გააჩერეს.

პარტიას სამი მოთხოვნა ჰქონდა:

1. სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება 2 პროცენტიანი ბარიერით;

2. რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნების გაზაფხულზე გამართვა;

3. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

მანქანებით სუს-ის შესასვლელი ჩახერგეს:

  • თბილისში - ზურაბ ჯაფარიძემ;
  • ბათუმში - თემურ გორგაძემ;
  • ქუთაისში - იმედა კლდიაშვილმა;
  • გორში - ბადრი გრიგალაშვილმა;
  • რუსთავში - ირაკლი კუკანიამ;
  • თელავში - ტორესა მოსიმ.

თავდაპირველად სამართალდამცავები თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივიდნენ. იქ პარტიის ლიდერი და თბილისის ოპოზიციონერი ვიცე-მერობის კანდიდატი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იმყოფებოდა. ჯაფარიძეს მანქანის ყველა კარი ჩაკეტილი ჰქონდა, შესაბამისად ის სამართალდამცავებმა მანქანიდან ვერ გადმოიყვანეს. მანქანა, რომელშიც იგი იჯდა, ევაკუატორმა გადაიყვანა.

"ორ საათზე ხო "ნაცებს" აქცია აქვთ ორ ლოკაციაზე და მგონი, იქ ჰყავთ მთელი პოლიცია გახვეტილი და აქ დეტექტივები მოვიდნენ", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

სამართალდამცავებმა პირველი "გირჩი-მეტი თავისუფლების" ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე დააკავეს, რომელიც უშუალოდ არ ხერგავდა სუს-ის შესასვლელს, თუმცა პოლიციელთან შელაპარაკება მოუვიდა - მისი ხმა "გირჩი TV-ის" გავრცელებულ ვიდეოში არ ისმოდა.

უშუალოდ პერფორმანსში მონაწილე პირებიდან კი პოლიციამ პირველი ბადრი გრიგალაშვილი დააკავა. გორის სუს-ის შენობასთან გაჩერებულ მანქანაში პოლიციამ შეღწევა საბარგულიდან შეძლო. სწორედ ამ გზით დააკავეს თელავში ტორესა მოსიც.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" დანარჩენი ოთხი პოლიტიკოსი, მათ შორის ზურა ჯაფარიძე, სამართალდამცავებმა მანქანებიანად ევაკუატორებით წაიყვანეს.

ექვს ქალაქში ერთდროულად მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს. მათგან არცერთი არ არის თბილისის აქციიდან. ზურა გირჩი ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა 200-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს. მისი დაკავება არ შეეძლოთ, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტია მსგავს აქციას მართავს. იმედა კლდიაშვილი ქუთაისში სუს-ის შენობის შესასვლელის ბლოკირებისთვის 2 ნოემბერს ძალის გამოყენებით დააკავეს. მან უარი თქვა დამორჩილებოდა სამართალდამცავების მოთხოვნას და დაეტოვებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

იმედა კლდიაშვილი 2 ნოემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. მას სასამართლომ 2000 ლარის გადახდა დააკისრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მართვის მოწმობით სარგებლობის ვადა 6 თვით შეუჩერა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგების მიხედვით, 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი მერი იქნება. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG