Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში სუს-ის შესასვლელი ისევ იმედა კლდიაშვილმა ჩახერგა


ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი ისევ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, იმედა კლდიაშვილმა ჩახერგა. მისი მანქანა სამართალდამცავებმა ევაკუატორის დახმარებით გაიყვანეს.

"კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესცენტრს", - ეწერა იმედა კლდიაშვილის მანქანის ერთ-ერთ მინაზე მიმაგრებულ პლაკატზე. სწორედ ამ ტექსტს იყენებენ ხოლმე სამართალდამცავები, როცა მათ ჟურნალისტები კითხვით მიმართავენ.

მანქანა სამართალდამცავებმა ისე გადაიყვანეს, რომ კლდიაშვილი მანქანიდან არ გადმოუყვანიათ.

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელების ბლოკირების აქციებს სხვადასხვა ქალაქში მართავს. მათ შორის, თელავსა და რუსთავში.

რუსთავში ისევე, როგორც ქუთაისში "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ირაკლი კუკანია საკუთარი მანქანით გადაიყვანა პოლიციამ ევაკუატორით. თელავში კი პოლიციამ შეძლო ტორესა მოსის მანქანაში საბარგულიდან შეღწევა და მისი ადგილზე დაკავება. სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს მანქანა, რომელიც სუს-ის შესასვლელს ბლოკავდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტია მსგავს აქციას მართავს. იმედა კლდიაშვილი ქუთაისში სუს-ის შენობის შესასვლელის ბლოკირებისთვის 2 ნოემბერს ძალის გამოყენებით დააკავეს. მან უარი თქვა დამორჩილებოდა სამართალდამცავების მოთხოვნას და დაეტოვებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

იმედა კლდიაშვილი 2 ნოემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. მას სასამართლომ 2000 ლარის გადახდა დააკისრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მართვის მოწმობით სარგებლობის ვადა 6 თვით შეუჩერა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგების მიხედვით, 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი მერი იქნება. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG