Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია რუსთავში სუს-ის შესასვლელის ბლოკირების მოხსნას ცდილობს


რუსთავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ,"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ირაკლი კუკანია მანქანით მივიდა და ამ უწყების შესასვლელის ბლოკირებას ცდილობს. თელავისგან განსხვავებით, სამართალდამცავებმა მის მანქანაში შეღწევა ვერ შეძლეს და მანქანა ევაკუატორით ისე გადაჰყავთ, რომ თვითონაც შიგ ზის.

მანამდე პოლიციამ მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რაზეც ირაკლი კუკანიამ უარი განაცხადა.

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელების ბლოკირების აქციებს სხვადასხვა ქალაქში მართავს. მათ შორის, თელავსა და ქუთაისში.

ქუთაისში ისევე, როგორც რუსთავში "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი იმედა კლდიაშვილი საკუთარი მანქანით გადაიყვანა პოლიციამ ევაკუატორით. თელავში კი პოლიციამ შეძლო ტორესა მოსის მანქანაში საბარგულიდან შეღწევა და ის ადგილზე დააკავეს. სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს მანქანა, რომელიც სუს-ის შესასვლელს ბლოკავდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტია მსგავს აქციას მართავს. იმედა კლდიაშვილი ქუთაისში სუს-ის შენობის შესასვლელის ბლოკირებისთვის 2 ნოემბერს ძალის გამოყენებით დააკავეს. მან უარი თქვა დამორჩილებოდა სამართალდამცავების მოთხოვნას და დაეტოვებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

იმედა კლდიაშვილი 2 ნოემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. მას სასამართლომ 2000 ლარის გადახდა დააკისრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მართვის მოწმობით სარგებლობის ვადა 6 თვით შეუჩერა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგების მიხედვით, 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი მერი იქნება. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG