Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი დააკავეს


თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოს შესასვლელის ბლოკირებისთვის, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ტორესა მოსი დააკავეს. ის სუს-ის შენობასთან საკუთარი მანქანით მივიდა.

სამართალდამცავებმა მას უთხრეს, რომ არ შეიძლებოდა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირება და მოუწოდეს დამორჩილებოდა. ტორესა მოსის მანქანის კარები ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა სამართალდამცავებმა ის საბარგულიდან შეღწევით გახსნეს.

"კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესცენტრს", - ეწერა ტორესა მოსის მანქანის ერთ-ერთ მინაზე მიმაგრებულ პლაკატზე. სწორედ ამ ტექსტს იყენებენ ხოლმე სამართალდამცავები, როცა მათ ჟურნალისტები კითხვით მიმართავენ.

მართალია, ტორესა მოსის პოლიციამ არ მისცა მედიასთან საუბრის საშუალება, თუმცა მან მაინც შეძლო თავისი მოთხოვნების გაჟღერება. მოთხოვნები მას მანქანის მინებზე ჰქონდა გამოკრული:

  1. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით და 2-პროცენტიანი ბარიერით;
  2. გაზაფხულზე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები;
  3. სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.

თელავში სუს-ის შენობასთან გაჩერებული მანქანა სამართალდამცავებმა ევაკუატორით გადაიყვანეს.

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელების ბლოკირების აქციებს სხვადასხვა ქალაქში მართავს. მათ შორის, ქუთაისსა და რუსთავში.

რუსთავში ისევე, როგორც ქუთაისში "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები საკუთარი მანქანით გადაიყვანა პოლიციამ ევაკუატორით.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტია მსგავს აქციას მართავს. იმედა კლდიაშვილი ქუთაისში სუს-ის შენობის შესასვლელის ბლოკირებისთვის 2 ნოემბერს ძალის გამოყენებით დააკავეს. მან უარი თქვა დამორჩილებოდა სამართალდამცავების მოთხოვნას და დაეტოვებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. მას სასამართლომ 2000 ლარის გადახდა დააკისრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მართვის მოწმობით სარგებლობის ვადა 6 თვით შეუჩერა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგების მიხედვით, 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი მერი იქნება. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG