ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით 5-11 წლის ასაკის ბავშვების აცრის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია და სააგენტო Reuters-ი იუწყებიან. დღემდე, მოზრდილი მოსახლეობის გარდა, ისრაელში იმუნიზაცია მიმდინარეობს მოზარდებში 12 წლიდან.
ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა პრაქტიკულად ერთხმად დაასკვნა, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვების აცრის სარგებელი შესაძლო რისკებზე მნიშვნელოვნად მეტია.
ისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის დაწყების ზუსტი დრო მოგვიანებით გამოცხადდება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისრაელი ელოდება ამპულებს ბავშვებისთვის განკუთვნილი დოზებით. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მწარმოებელთა თანახმად, კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინა 90.7%-ით ეფექტურია.
14 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელში სრულად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის 62%. მოზრდილ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი უკვე 84%-ია.
აგვისტოს ბოლოდან ისრაელი განიცდიდა ეპიდემიის მეოთხე ტალღას. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი პერიოდულად 10 ათასს აჭარბებდა და დღეში რამდენიმე ათეული ლეტალური შემთხვევაც იყო, თუმცა, ნოემბერში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევების რიცხვი 300-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვალების ერთეულებამდე დავიდა.
დაწერეთ კომენტარი