Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისელი ექიმები სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უერთდებიან


ქუთაისელმა ექიმებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მედიკოსების მიმართვის ადრესატები არიან პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მიმართვის ტექსტზე ხელმოსაწერად ექიმები დილიდან შეიკრიბნენ. მათი თქმით, მედიკოსების ნაწილმა ადგილზე მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა მიმართვას ხელს ონლაინ მოაწერს.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ მძიმდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 47-ე დღეა შიმშილობს. გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და აბსოლუტურ უფლებას. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სტაციონარში, რათა მოხერხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება. თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას!“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ექიმებმა გაავრცელეს.

14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს.

იმავე მოთხოვნით, სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად მე-13 დღეა შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.

დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG