Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულეს


„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულეს, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში მე-15 დღეა შიმშილობს.

დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ელენე ხოშტარია მოინახულეს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შემდეგ.

„რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა, ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა ქალბატონი ელენე, დამატებით საფიქრალი არ მიგვეცა კიდევ მისთვის. რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა, ადამიანური დამოკიდებულებით, ჩემი, როგორც ექიმისთვის საყურადღებოა ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ მოვინახულოთ. ვიტოვებთ იმედს, რომ საბოლოოდ ეს პროცესი დასრულდება, რადგან ქვეყნის სტაბილურობა არის ყველაზე მთავარი“,- უთხრა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ.

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 15 ნოემბერს თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა, ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს, მაგრამ გადასხმების გაკეთებას თანხმდება.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, იგი მე-15 დღეა შიმშილობს,

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG