ნევროლოგი თენგიზ წულაძე, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზედამხედველობისთვის შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის წევრია, ამბობს, რომ ამჟამად პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დეწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სოცოცხლე საფრთხეშია.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ომბუდსმენსა და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრთა შეხვედრის დაწყებამდე თენგიზ წულაძემ თქვა, რომ შიმშილობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომაროებაა, როგორც წესი, ყველა ადამიანისთვის და მის სამართავად საკმარისი არ არის მხოლოდ კარგად აღჭურვილი კლინიკა. ამისთვის, მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთთან ხანრძლივი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი, რაც არ არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში.
„ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა, ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ზოგჯერ ისევ კრიტიკულ ზღვაზე გადადის, ცდილობენ კორექტირებას, მაგრამე ეს ძალიან რთული თემაა და მე ვფიქრობ, შეუძლებელია არსებულ გარემოში ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცები გამოსწორებულია თითქოს იქ და ჩატარებულია ღონისძიებები, რომ გაუმჯობესდეს იქ მომსახურება. მაგრამ ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ, ეს არ არის ადვილი. ნამდვილად რთულია. ამიტომ გვერთულება ჩვენ და ამიტომ გვინდა ადამიანს, პაციენტს, როგორც ექიმები, სწორად მოვემსახუროთ და შევეცადოთ, რომ მისთვის უკეთეს გარემოში იქნას გადაყვანილი“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.
კითხვაზე ემუქრება თუ არა საფრთხე ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს, მან უპასუხა „დიახ, პაციენტის სიცოცხლე, ჩემი აზრით, საფრთხეშია. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა შიმშილობა, როგორც წესი, ყველა ადამიანი შიმშილობას რომ დაიწყებს, ის მაღალი რისკის მატარებელია და ეს სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ უნდა იყოს ის კარგად აღჭურვილ კლინიკაში, სადაც მულტიპროფილური გუნდი სწორად მუშაობს, დროულად და ადეკვატურად იღებს გადაწყვეტილებებს“,- თქვა მან.
17 ნოემბერს გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა, რომ ამ დაწესებულებას, სადაც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მსგავსი პაციენტების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან მედიას უთხრა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 48 დღეა.
16 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ექსპერტთა ჯგუფმა პოზიციის შეჯერებისა და დასკვნის მომზადების შემდეგ, ბრიფინგი უნდა გამართოს, რომელზეც მათი დასკვნა იქნება წარმოდგენილი.
16 ნოემბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:
- გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
- გრიგოლ ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
- გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი
- გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი
- აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
- მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი
- თენგიზ წულაძე - ნევროლოგი
- ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი
„ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით".
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, ოპერის მომღერალი, პოლიტიკური მოძრაობის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამაარსებელი პაატა ბურჭულაძე
სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი შიმშილობს რუსთავის საკრებულოში და ამავე პარტიის 5 წევრი და 1 მხარდამჭერი ზუგდიდის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.