Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეიშენალი: დაუშვებელია თავდასხმა საქართველოს სახალხო დამცველზე


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშენალი „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

„დაუშვებელია თავდასხმა საქართველოს სახალხო დამცველზე, რომელიც უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და შეასრულოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - წერს ორგანიზაცია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "ფეიკი" - ყალბი ინფორმაცია უწოდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეს გაგრძელება მოჰყვება, შეიძლება, სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

სახალხო დამცველის აპარატმა კობახიძის განცხადება ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

18 ნოემბერს, საღამოს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ წაიქცა.

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG