Accessibility links

site logo site logo

მოშიმშილე ელენე ხოშტარია წყვეტს მედიკამენტების მიღებას


პარტია "დროას" ლიდერი, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, უარს ამბობს მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელებაზე.

"ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ", - წერს ელენე ხოშტარია ფეისბუკზე.

18 ნოემბერს საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში, ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის გადაიყვანეს რეანიმაციულ პალატაში, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს. 10 ნოემბერს ის დათანხმდა მხოლოდ ისეთ სამედიცინო ჩარევას, რომლითაც თავიდან იქნებოდა აცილებული ლეტალური შედეგი, ან გონების დაკარგვა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის ამჟამად იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".

მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად გადაყვანაა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაც. კონსილიუმის და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექსპერტები, 18 ნოემბერს, ღამით შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოში პერმანენტული საპროტესტო აქციებია. ამავე მოთხოვნით, ელენე ხოშტარიას გარდა, 14 ნოემბრიდან პარლამენტში შიმშილობს ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძეს და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი შიმშილობს რუსთავის საკრებულოში და ამავე პარტიის 5 წევრი და 1 მხარდამჭერი ზუგდიდის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG