Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-დან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები


ნედ პრაისი
ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი და ღირსეული მოპყრობისკენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაში. პრაისის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან, 1 ოქტომბრიდან, ყურადღებით აკვირდებიან მისადმი მოპყრობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მიესალმებიან სახალხო დამცველის ზედამხედველობით დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურის მდგომარეობის შესამოწმებლად. ნედ პრაისის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას დაბეჯითებით მოუწოდებენ, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი საქმე განიხილება. პრაისი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლოს სხდომებზე დასწრებასაც, თუკი ის ამას ითხოვს.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის ამჟამად იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს". ამ დასკვნას ფეიკი უწოდა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. "წარმოიდგინეთ ამ ფეიკს მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - განაცხადა 18 ნოემბერს კობახიძემ.

18 ნოემბერს საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში, ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოში პერმანენტული საპროტესტო აქციებია. ამავე მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი შიმშილობს რუსთავის საკრებულოში და ამავე პარტიის 5 წევრი და 1 მხარდამჭერი ზუგდიდის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.

XS
SM
MD
LG