Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: დროა ვიფიქროთ ჩიხიდან და დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე გადასვლაზე


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, მედიასთან საუბარში შესაბამისი კითხვის პასუხად, გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებულ ვითარებას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე ღონისძიების დაწყებამდე ჰარცელმა თქვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ომბუდსმენის, როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველისა და მისი მეთვალყურე ინსტიტუტის საქმიანობას.

„პირველ რიგში, როგორც იცით, მე ვეყრდნობი მნიშვნელოვან აქტორებს, რათა მიხეილ სააკაშვილის ამბებს მივყვე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის საქმიანობას, მათ შორის მის როლს, როგორც მეთვალყურეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება საჭიროებას, როგორც მე არაერთხელ განვაცხადე, ობიექტური სამედიცინო რჩევისა იმისათვის, რომ ყველამ სწორად შეაფასოს მისი სიტუაცია. საჭიროა გაცემული რეკომენდაციებისთვის ყურადღების მიქცევა. ასევე, სრულიად აუცილებელია - და რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში ამას კიდევ ერთხელ გვახსენებს - რომ ფოკუსი იყო ჯანმრთელობის ვითარებაზე, რომლითაც დაინტერესებულია ევროკავშირი.

რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, ჩემი აზრით, დროა, რომ ვიფიქროთ გადასვლაზე ჩიხიდან და დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე, რათა ვუპასუხოთ სიტუაციას იმგვარად, რომ საქმე წინ დაიძრას და ეს ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო უფლებებსა და ვალდებულებებს“,- განაცახდა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, უნდა გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, კარლ ჰარცელმა უპასუხა, რომ ის არ არის გადაწყვეტილებების მიმღები პირი.

„რას ვფიქრობ? მე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, ამიტომ ამ შეკითხვას ვერ ვუპასუხებ“,- თქვა ევროკავშირის ელჩმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი და ღირსეული მოპყრობისკენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაში. პრაისის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან, 1 ოქტომბრიდან, ყურადღებით აკვირდებიან მისადმი მოპყრობას.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის ამჟამად იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს". ამ დასკვნას ფეიკი უწოდა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. "წარმოიდგინეთ ამ ფეიკს მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - განაცხადა 18 ნოემბერს კობახიძემ.

18 ნოემბერს საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში, ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოში პერმანენტული საპროტესტო აქციებია. ამავე მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი შიმშილობს რუსთავის საკრებულოში და ამავე პარტიის 5 წევრი და 1 მხარდამჭერი ზუგდიდის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.

XS
SM
MD
LG