Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი POLITICO-ს სტატიაში: ბაიდენი საქართველოს დახმარებას დაჰპირდა. დღეს მის ადმინისტრაციას ხმის ამოღებას ვთხოვ


მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში

გავლენიანმა ანალიტიკურმა ჟურნალმა POLITICO-მ 20 ნოემბერს გამოაქვეყნა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეასრულოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის პირობა და მხარი დაუჭიროს „მძიმე საფრთხის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა დემოკრატიას“.

ჟურნალი წერს, რომ სააკაშვილმა მათ წერილი ადვოკატებისა და თანამებრძოლების მეშვეობით მიაწოდა და ის დაწერილია ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ის წაიქცეოდა და შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. სტატიის სათაურია: „დამაპატიმრეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი. აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმა ამოიღოს“.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ პრეზიდენტობის დროს საქართველოს ჯო ბაიდენი ეწვია, რომელიც მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და საქართველოს ამერიკის დახმარება აღუთქვა. „ჩვენ, შეერთებული შტატები თქვენს გვერდით ვდგავართ უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და კვლავ ერთიანი საქართველოს გზაზე“ - განაცხადა მაშინ ვიცე-პრეზიდენტმა.

„დღეს მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდასაჭერად, რომელიც საშინელი საფრთხის ქვეშაა. იმედი მაქვს, რომ ის პასუხს მოსთხოვს საქართველოს მთავრობას იმ თავისუფლებებისათვის ძირის გამოთხრისათვის, რომლის მისაღწევადაც ესოდენ ბევრი გავაკეთეთ“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის აგრძელებს, რომ „ივანიშვილმა რეჟიმმა“ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ძალაუფლების გადამეტების სხვადასხვა ბრალდებებით. „მიმაჩნია, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და შემაშფოთებელი მაგალითია პარტიის მცდელობისა, გააჩუმოს ოპოზიცია“ - წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში სწორედ ამიტომ დაბრუნდა - იცოდა რა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ, ამავე დროს, იმედოვნებდა ყურადღებას მიაპყრობდა აქ არსებულ შემაშფოთებელ ვითარებას.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, აშშ-მა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  • პირველ რიგში, ამერიკამ ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის მცდელობისთვის.
  • აშშ-ის კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების შემლახველებისათვის სანქციების დაწესების საკითხი.
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ან სხვა რომელიმე მაღალჩინოსნის ვიზიტი ამერიკის სოლიდარობას აჩვენებდა ქართველ ხალხს.
  • ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიწვევის შესახებ დემოკრატიის მომავალ სამიტზე, რადგან ეს მიწვევა არასწორ სიგნალს აგზავნის და ქმნის საფრთხეს, რომ ლეგიტიმური გახდეს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები.

ექს-პრეზიდენტი წერს, რომ ამერიკას ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაუჭერია მხარი საქართველოსთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედი არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ.

„თავისუფლების შემაშფოთებელი ეროზიისა და რუსეთის მზარდი გავლენის ფონზე ვიმედოვნებ - და დარწმუნებული ვარ - რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცხადად აჩვენებს, თუ სად დგას“ - ასე ასრულებს სააკაშვილი წერილს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG