აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ ონლაინ-სამიტში „დემოკრატიისთვის“, საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი.
5 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მედიასაშუალებებს აცნობა, რომ სამიტზე მიწვეულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ის სამიტს დაესწრება.
დღეს, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური მიწვევა აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც და სამიტში მონაწილეობას ის მიიღებს:
„რამდენიმე კვირის წინ, გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება ათ დეკემბერს“.
ვირტუალურ სამიტში, რომელიც 9-10 დეკემბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან. თეთრი სახლის თანახმად, სამიტი გააძლიერებს ინციატივებს და ერთგულებას სამი ძირითადი საკითხისადმი - ავტორიტარიზმისგან თავდაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ვირტუალური სამიტიდან ერთ წელიწადში იგეგმება პირისპირ შეხვედრა.