Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მის აკრძალვას მოვითხოვთ“: შეძლებს „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად არსებობას?


„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირების პროცესშია, თუმცა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ეს პრორუსული, ჰომოფობიური შინაარსის, ხშირად ძალადობრივი განცხადებებით ცნობილი პარტია, რომლის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებიც არიან, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ისინი საჯარო რეესტრს მოუწოდებენ, უარი უთხრას ამ ძალას პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებაზე. დეპუტატები კი მის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

20 ნოემბერს ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გუნდმა, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა მოიწვია და მხარდამჭერებს „კონსერვატიული მოძრაობა“ წარუდგინა.

თავის თავს ეროვნულ, პროქართულ ძალად მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ მათი მოსვლის შემდეგ შეცვლილი პოლიტიკური რეალობა იქნება ის, რომ საქართველოში დასრულდება „ლიბერალური დიქტატი, რომელიც ქვეყანას ვასალურ მდგომარეობაში ამყოფებს“.

ეს არის ძალა, რომლის არხზეც სატელევიზიო გადაცემები ასეთი შინაარსის მქონე მოწოდებით იჭრება: არ გადართოთ ლიბერალურ არხებზე.

ისინი არ მალავენ, რომ მათი საგარეო-პოლიტიკური კურსი არა დასავლეთისკენ, არამედ რუსეთისკენ იქნება მიმართული და პირდაპირ კავშირს დაამყარებენ მოსკოვთან (ზურაბ მახარაძე). არც რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობას გამორიცხავენ საქართველოს ტერიტორიაზე.

სჯერათ, რომ ეს არის პარტია, „რომელიც თავის ყრილობებს ჩაატარებს სოხუმში, ცხინვალში“ (კონსტანტინე მორგოშია).

გეგმავენ, მიიღონ ისეთი კანონები, რომლითაც აკრძალავენ, მაგალითად, საკუთარი სექსუალური იდენტობის საჯარო დემონსტრაციას. ანუ, მათი სიტყვებით, ისეთი კანონები, „როგორიც სურს უმრავლესობას“.

მათი პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეც ქვეყნის დამშვიდების გასაღებს სწორედ ასეთი წესრიგის დამყარებაში ხედავს.

თუმცა, როგორც უკვე გამოჩნდა, „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიად რეგისტრირების პროცესი და, ზოგადად, მათ პოლიტიკურ ძალად არსებობა, უხმაუროდ არ ჩაივლის.

პირველ დაბრკოლებად მათთვის, შესაძლოა, იქცნენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

მათი ნაწილი უკვე საჯაროდ გამოეხმაურა პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ პარტიად ქცევის განზრახვას და მის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

დეპუტატების განცხადებით, ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.

მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!“, - დაწერა საკუთარ ფეისბუკგვერდზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

იმავეს გეგმავს ანი წითლიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“:

როგორც კი ეს პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდება, პირადად დავიწყებ ინიცირების პროცედურას საკონსტიტუციო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, 30-ზე მეტი დეპუტატი იქნება თანახმა და მოკავშირე ამ საქმეში“.

მწვავე საჯარო გამოხმაურება ჰქონდა სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს, რომლის სიტყვებით, სწორედ ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, „სადაც იყო არა მხოლოდ ძალადობის პროპაგანდა, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობაც“.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მას არ სჯის ჩვენი შსს და პროკურატურა“.

საქართველოს კონსტიტუციით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ხოლო პროცესის ინიცირება შეუძლია პრეზიდენტს, მთავრობასა და 30 დეპუტატს:

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება“, - დაწერა გიორგი ბურჯანაძემ.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბექა მინდიაშვილი კი ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთს ომი აქვს საქართველოთან, როცა გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, როცა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ყოველდღიურ ოკუპაციას და აგრესიას, აწყობს 5 ივლისს, ასეთ დროს, ღიად პრორუსული, დეკლარირებულად ოკუპაციური და ძალადობრივი მიზნების მქონე პარტიის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა, პირდაპირი საფრთხეა თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

„საერთოდ არ მესმის არცერთი არგუმენტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის აბუჩად აგდებით, ამ რეალურად ტერორისტული მტრული ჯგუფის რეგისტრაციის დაშვებას შეიძლება ამართლებდეს“, - წერს ბექა მინდიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს და იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს.

რას ამბობს საქართველოს კანონდებლობა პოლიტიკური პარტიის შექმნაზე?

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ

3. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.

4. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ხოლო საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, წერია:

მუხლი 5

1. პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.

2. დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

DRI წერს, რომ დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად. უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც“.

რაც მთავარია, წერს ორგანიზაცია, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

ერთადერთი სანქცია, რომელიც "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ ამ დრომდე გამოიყენეს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა იყო, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემებში უხამსობის ტირაჟირებისა და უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. თუმცა, კანონდარღვევის გამო "ალტ-ინფო" არ დაჯარიმებულა“.

პოლიტიკური პარტიის ამ გზით აკრძალვის მოთხოვნას „სახიფათოს“ უწოდებს პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც.

პოლიტიკოსი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ კომპარტიაც კი არ ყოფილა ცივი ომის დროს აკრძალული, ისევე როგორც, მაგალითად, კუ-კლუქს-კლანი, მიუხედავად პოლიტიკური კლასის და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახა დამოკიდებულებისა. თუმცაკი, იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ დანაშაულს სჩადიოდა, მკაცრად სდევნიდნენ.

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

კონტინენტური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, გიგა ბოკერიას თქმით, არსებობს შინაარსობრივი შეზღუდვები ბევრ საქციელზე, ფაშისტური მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ასეთი შეზღუდვები დაწესდა, თუმცა, მისი აზრით, ამან მხოლოდ სახიფათო შედეგი მოიტანა და რეალურად, ვერ დაასუსტა ის მოძრაობები. მაგალითად, ნეონაცისტური მოძრაობა. მეტიც, ამბობს გიგა ბოკერია, რიგ შემთხვევებში, დასაცინიც კი გახდა ზოგიერთი შეზღუდვა:

„მაგალითად, გერმანიაში, ფაშისტური მისალმება აკრძალულია, დასჯადია, ოღონდ შემდეგ, ამ მისალმებაში პატარა ცვლილება შეიტანეს, გააჩნია, თითი როგორ გეჭირა და ის აღარ იყო უკვე დასჯადი. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ვნახოთ, როგორ აჩენს ეს ყველაფერი იმის განცდას, რომ ამ იდეების მიმდევარი ადამიანი, პირიქით, დევნილი და მსხვერპლია სიტყვის თავისუფლებისთვის. ეს ძალიან სახიფათო და საზიანოა. ეს უფრო აძლიერებს ასეთ ძალებს“.

გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ არ შეიძლება უბრალოდ ცუდი იდეებისთვის ადამიანები ისჯებოდნენ - თუ ეს ასე იქნა, მაშინ მთავრობაში მყოფი ან პოლიტიკური ელიტის წევრი ადამიანების აზრით რაც არის ცუდი იდეა, ამისთვისაც დაისჯებიან ადამიანები. ეს კი, გვეუბნება გიგა ბოკერია, ხშირად სახიფათო ხდება სწორედ უმცირესობისთვის და თავისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

„მთელი მუღამი სიტყვის თავისუფლების იმაშია, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, მას არ უნდა შეეძლოს ჩვენი გაჩუმება“.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ კონტინენტურ ევროპაში ასეთ შეზღუდვებს დრამატული შედეგი არ მოჰყვა, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დემოკრატიული ტრადიციები გაცილებით ძლიერია, ვიდრე საქართველოში. აქ კი ამას აუცილებლად მოჰყვება დრამატული შედეგი.

როგორც კი ამ ტერიტორიაზე შეხვალ, ეს ისევ ხელისუფლების ინსტრუმენტად იქცევა და არა პირიქით. მით უმეტეს, ამბობს გიგა ბოკერია, რომ საუბარია ჯგუფზე, ვისაც 5 ივლისს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, რომლისთვისაც ისინი არ დასჯილან ხელისუფლების მიერ, მასთან მოკავშირეობის გამო.

„როგორ ფიქრობთ, ის ხალხი, ვინც ამ შავრაზმულ იდეებს არიან აყოლილები, გაქრებიან, ამ პარტიას რომ ავუკრძალავთ? ამაზე უფიქრია ვინმეს? ასევე მოვისმინე კონსტიტუციის მუხლის ინტერპრეტირებაც. მაგრამ თუ ამ მუხლს ასე წავიკითხავთ, რომ ჩვენ ვინც მიგვაჩნია საფრთხედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ან შუღლის გაღვივების თვალსაზრისით, მას ავკრძალავთ, მაშინ, დღევანდელი ხელისუფლების ნება იქნება, რომ მოქმედი ოპოზიციური პარტიებიც აკრძალოს“.

თავად „კონსერვატიული მოძრაობის“ (და „ალტ-ინფოს“) დამფუძნებლები, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშია, მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიები მათი პოლიტიკური ძალის აკრძალვის მოთხოვნით, თავიანთ ლიბერალურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგებიან.

„თუმცა, ღმერთმა ქნას, რომ ეგ ნაბიჯი მართლა გადადგან, რადგან ზუსტად იგივე კრიტერიუმებით და გაცილებით კვალიფიციურ იურისტებთან ერთად, მაგათ ყველა პარტიას ერთად გავაუქმებთ“.

კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ამ პარტიებს მათ მიმართ პრეტენზია „ვითომდა ძალადობრივი მოწოდებების“ ნაწილში აქვთ, თუმცა, მისი სიტყვებით, ეს რომ ასე იყოს, „მათზე დღეს სისხლისსამართლებრივი საქმე უნდა ყოფილიყო აღძრული“:

„თუ მაგ გზით წავლენ, ვერაფერს იზამენ და აი, მათზე კი, 2008 წლიდან მოყოლებული იმდენ რამეზეა საქმე აღძრული, რომ... ნეტა მართლა დაძრან ეგ რაღაცა“.

მორგოშიას იმედი აქვს, რომ 5 ივლისის აქციაზე დაკავებულებსაც ექვს თვეზე მეტხანს ყოფნა წინასწარ პატიმრობაში არ მოუწევთ და ფიქრობს, რომ ისინი „მცირე გადაცდომების“ გამო ციხეში არ უნდა ისხდნენ.

„თვე-ნახევარში ეგ ხალხი ყველა გარეთ იქნება. ზოგს შესაძლოა პირობითი მისცენ, ზოგს განრიდება, მაგრამ გარეთ იქნებიან“.

ის არც თავის ცნობილ მოწოდებას, რომ „500 კაცით გადაინაცვლონ "სირცხვილიას" ოფისთან“, მიიჩნევს ძალადობრივად და ამბობს, რომ არავისთვის მოუწოდებია ოფისის დარბევა და ვიღაცისთვის თავის გატეხვა. მორგოშია, თანაგუნდელების მსგავსად, არც პასუხისმგებლობას გრძნობს მომხდარზე და ამბობს, რომ ამ აქციის ორგანიზატორიც ქართველი ხალხი იყო:

„და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოვწონვარ და არ ვუყვარვარ, ეს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ვიღაცამ დამიჭიროს“.

2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, როდესაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დროს დაგეგმილი ღირსების მარშის ჩატარებას ძალადობრივი აქცია და ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმა მოჰყვა, უფლებადამცველებისა და იურისტების მთავარი ბრალდებები სწორედ ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიასკენ იყო მიმართული.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის წარმომადგენლები მაშინ გამოკითხვაზეც იყვნენ დაბარებული, გაჩხრიკეს მათი სახლებიც, მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელი არავის დაკისრებია.

რადიო თავისუფლება ამჯერადაც დაუკავშირდა შსს-ს იმის მოსაკითხად, თუ რატომ არ დაეკისრათ პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს, თუმცა ამაზე პასუხი უწყებაში ვერ მივიღეთ. პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ამ საქმეში ახალი არაფერია, ვინც დაკავებულია, მიდის მათი სასამართლოები და მიმდინარეობს გამოძიება.

ეს კი ის ბოლო ინფორმაციაა, რაც ამ საკითხზე შსს-ს გვერდზე იძებნება.

თავად 5 ივლისი კი ძალიანაც საამაყო თარიღია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ზურაბ მახარაძისათვის, რომელმაც ისიც კი თქვა, რომ მისთვის იქნება „უდიდესი პატივი, ჩაჯდეს ციხეში იმ ღირებულებების დაცვისათვის რაც მისთვის ფუნდამენტია. ხოლო თუ ვინმეს მისი დაკავება უნდა, შეუძლია ახლავე წაიყვანონ“.

პასუხისმგებლობას მომხდარ ძალადობაზე არც ის გრძნობს, სამაგიეროდ, ჩამოთვლის რაზეა პასუხისმგებელი:

„მე პასუხისმგებელი ვარ აქციის მობილიზებაზე, კარვების აყრაზე, რადგან ქვეყნის მთავარი გამზირი არ უნდა იყოს სანაგვე, და წმინდა ნინოს ჯვარის აღმართვაზე“, - უთხრა ზურამ მახარაძემ ჟურნალისტებს და პასუხისმგებლობაც მომხდარზე მათ დააკისრა.

55 ადამიანის ცემისა და 2 ოფისის დარბევისთვის დღეს დაკავებულია 31 ადამიანი. გამოძიებას სხვა დამნაშავეები აღარ გამოუვლენია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG