Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომი მოლდოვას 48 საათში გაზის გადაკეტვით ემუქრება


რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა კომპანია გაზპრომმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ 48 საათში გაზის მიწოდებას შეუწყვეტს მოლდოვას, თუკი ქვეყანა არ გადაიხდის გაზის ბოლო პარტიების საფასურს, ათობით მილიონ დოლარს.

კიშინიოვმა გასულ თვეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გაზის შესყიდვა დაიწყო სხვა ქვეყნებიდან - მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოს ვადა გაუვიდა ევროპისთვის გაზის უმსხვილეს მიმწოდებელთან, გაზპრომთან მის კონტრაქტს და ორმა მხარემ ვერ მოილაპარაკა ფასის საკითხებზე, გრძელვადიანი ხელშეკრულებისთვის. თუმცა 28 ოქტომბერს მოლდოვის მთავრობამ და გაზპრომმა ფასის ახალი ფორმულა გამოაცხადეს ხუთწლიანი ხელშეკრულებისთვის და გაზის შეუფერხებლად მიწოდებისთვის.

"ამჟამინდელი გადასახადის დაფარვისთვის ბოლო ვადა 22 ნოემბერია", - უთხრა გაზპრომის პრესმდივანმა, სერგეი კუპრიანოვმა ტელეარხ NTV-ს და დასძინა, რომ კომპანიამ მოლდავას შეატყობინა გაზის მიწოდების 48 საათში შეჩერების შესახებ, კონტრაქტის პირობების თანახმად.

კომპანია მოლდოვგაზი ადასტურებს გაზპრომისგან ამ შინაარსის შეტყობინების მიღებას და აცხადებს, რომ გადასახდელი თანხა უტოლდება 73,5 მილიონ დოლარს. კომპანიის მესვეურები ამბობენ, რომ მთავრობასთან თანამშრომლობენ პრობლემის დროულად გადაჭრის მიზნით.

ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ მოსკოვი ბუნებრივ აირს იყენებს მოლდოვის წინააღმდეგ, რომელმაც შარშან პროდასავლური ორიენტაციის პრეზიდენტი, მაია სანდუ აირჩია კენჭისყრაზე, რომელზეც უარყვეს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG