Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ ეპიდემიის შესაჩერებლად ახალი ზომები აამოქმედა


დღეიდან, 24 ნოემბრიდან გერმანიაში ამოქმედდა ახალი ზომები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც აცრილია, კოვიდი გადატანილი აქვს, ან დადგენილი ვადით ტესტირების უარყოფითი პასუხი აქვს. ამ ახალ წესს გერმანიაში 3G-ს უწოდებენ. თუ მოქალაქე მაკონტროლებელი სამსახურის თანამშრომლებს შესაბამის დოკუმენტს ვერ წარუდგენს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაატოვებინებენ. როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ახალი წესის აღსრულების მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი. დღეიდან 3G-ს წესი ამოქმედდა ოფისებშიც.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მე-17 დღეა იზრდება. ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 66 800-ზე მეტ ადამიანს და 335 გარდაიცვალა. პანდემიის განმავლობაში გერმანიაში დაინფიცრდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც აცრაზე დღემდე უარს ამბობს. შპანმა გამოცემა Rheinischen Post-ს განუცხადა, რომ ძალიან უნდა ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსისგან მომდინარე საფრთხის დღემდე არ სჯერათ, ინტენსიური თერაპიის პალატაში შეიყვანოს, აჩვენოს პაციენტები, რომლებიც იტანჯებიან და ჰკითხოს, კიდევ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დაიჯერონ. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, გერმანიაში სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი დაახლოებით 68%-ია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის დასამარცხებლად არასაკმარისად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG