Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: ევროპაში COVID-19-ის მსხვერპლმა მარტამდე შეიძლება 2,2 მილიონს გადააჭარბოს


ევროპის რეგიონში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ მომავალი წლის მარტისთვის - პანდემიის დაწყების მეორე წლისთავისთვის - შეიძლება 2 მილიონ 200 ათასს გადააჭარბოს. ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), რომლის პროგნოზი ევროპაში ეპიდემიის განვითარების ამჟამინდელ ტენდენციებს ემყარება.

ევროპაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ახლახან 1,5 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისად, მომდევნო სამ თვეზე ცოტა მეტ დროში, WHO-ს პროგნოზით, შეიძლება გარდაიცვალოს კიდევ 700 ათასამდე ადამიანი.

WHO აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ინფექცია უკანასკნელი კვირების განმავლობაში კვლავ იქცა სიკვდილის მთავარ მიზეზად რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში. 53 ქვეყნიდან 25-ში ექსპერტები ამ ზამთარში საავადმყოფოების ძალზე დიდ დატვირთვას მოელიან.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებით, მათ შორის მესამე დოზით აცრით რისკის შემცველი ჯგუფების წევრთა შორის, ასევე სიფრთხილის ზომების დაცვით, როგორებიცაა ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სწრაფად იზრდება ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი, ამკაცრებენ შემზღუდავ ზომებს. მათ შორისაა ლოკდაუნი აუცრელთათვის (სლოვაკეთში, ჩეხეთში, გერმანიის ზოგიერთ ფედერალურ მხარეში) და მთელი მოსახლეობისთვისაც კი (ავსტრიაში).

XS
SM
MD
LG