Accessibility links

site logo site logo

თურნავა სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე: მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც ისინი უნდა დასაქმდნენ


„ღირსეული შრომა მხოლოდ სოციალური დახმარების ნაცვლად“, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამ ლოზუნგით დააანონსა ახალი პროგრამა, რომლის დეტალებიც, მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებისთვის შეიქმნება.

ნათია თურნავას სიტყვებით, იქიდან გამომდინარე, რომ "ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად", მოთხოვნა დასაქმებულებზე იზრდება და რეფორმა სწორედ ამ ორი რგოლის ერთმანეთთან დასაკავშირებლად დაიგეგმა:

„იწყება საკმაოდ მასშტაბური რეფორმა, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვის და საჯარო დასაქმების პროგრამების შეთავაზებას, ასე ვთქვათ, რესოციალიზაცია იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში მინდობილნი არიან სოციალურ დახმარებას, არადა, შესწევთ უნარი, რომ ღირსეულად ჩადგნენ სამსახურში და თავისი შრომით ჰქონდეს შემოსავალი. ერთი მხრივ, მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც ადამიანები უნდა დასაქმდნენ და რაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს. მეორე მხრივ, გვყავს არმია, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, ვინც არის სტატუსით სოციალურად დაუცველი, მაგრამ ამავდროულად შეუძლია და სურვილიც აქვს, რომ ჩაერთოს შრომით საქმიანობაში და ეს ახალი პროგრამა, რომლის ყველა დეტალი ცოტა ხანში გახდება ცნობილი, სწორედ ამ მოცემულობის გაერთიანებას მოგვცემს და რა თქმა უნდა, გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას და დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესებას“.

ამ ინიციატივის შესახებ 22 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას შესწევს უნარი შექმნას ათასობით და ათიათასობით საზოგადოებრივი სამუშაო ადგილი:

„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ, მინიმუმ, ის დახმარება, რომელიც მათ დღეს ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და, ამას გარდა, შეძლონ ახალი სამუშაო ადგილების მოძიება, დამატებით. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, 2-3 სამუშაო პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში“.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას იღებს 633 586 ადამიანი, მოსახლეობის 17%. მათ შორის ყველაზე მეტი, 168 607 ადამიანი, 6-დან 18 წლამდე ასაკისაა.

გასულ, 2020 წელთან შედარებით, თითქმის 110 000-ითაა გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საარსებო შემწეობა დაენიშნათ.

2021 წელს საარსებო შემწეობაზე გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 23 მილიონ ლარზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG