Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ კიდევ 3 კილოგრამი დაიკლო


უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 19 ნოემბრის შემდეგ, შიმშილობის შეწყვეტის და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა დამატებით დაიკლო წონა.

„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია. სიმართლე გითხრათ, ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტადაც მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. ორშაბათს მისი საერთო მდგომარეობით ძალიან შეშინებული ვიყავი. მუდმივად რაღაც პროცედურები მიმდინარეობს, მოდიან ექიმები, ჩვენი შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა, ვინაიდან უტარებდნენ კვლევებს. გახდა, როგორც ვხვდები, მისი აქ გადმოყვანიდან კიდევ 3 კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. იმ პოსტრავმატული სინდრომის ფონზე, რაც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს ჰაერის ჩაყლაპვის, მზის დანახვის საშუალება, ეს ძალიან ცუდია. ასეთ პირობებში ადამიანის რეაბილიტაცია გაცილებით უარესად ხდება. მიუხედავად ამისა, შეხვედრით მოხარული ვარ, მას ახლა მხარდაჭერა სჭირდება - ახლობლების, ადვოკატების და ხალხის, ეს არის ის, რაც მას ახლა ძლიერ წაადგება და მისი სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა კი გრძელდება“,- განაცხადა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, იმედია, უახლოეს მომავალში სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს მისი მონახულების საშუალება ექნება, თუმცა მანამდე, იასკოს თქმით, კარგია, რომ მას საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა მიეცა.

ევგენი გრუშოვეცი თბილისის აეროპორტიდან 26 ოქტომბერს უკან დააბრუნეს, ის მაშინ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავდა.

დღეს 24 ნოემბერს, სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდროკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მედიის წარმომადგენლებთან.

მისი სიტყვებით, ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს პირველად გაიარ-გამოიარა, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

ელენე გიორგაძემ კონსილიუმის სხვა წევრებზე დაყრდნობით თქვა, რომ დინამიკა არის დადებითი, ლაბორატორიული მაჩვენებლები ნელ-ნელა წესრიგდება.

19 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG