Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე გიორგაძე: სააკაშვილმა დერეფანში 5 წუთის განმავლობაში იარა


სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდროკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მედიის წარმომადგენლებთან.

მისი სიტყვებით, ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს პირველად გაიარ-გამოიარა, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

„ჩვენ მივყვებით პროგრამას, ამის საშუალებას გვაძლევს მისი ორგანიზმი. ყველაფერი მიდის გეგმურად, მაგრამ რამდენი დრო დაგვჭირდება, არ ვიცი. ყოველ დღე ანალიზებს მახვედრებენ, შემდეგ ვაფასებთ მის მდგომარეობას, ისე ვგეგმავთ საღამოს და მეორე დღის დილას. გუშინ, ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, კარგად იცით რომ არ მოძრაობდა, პირველი მცდელობა გვქონდა ჯერ დილით გაგვევლო დერეფანში, მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა მითხრა და თვითონაც პაციენტმა დაადასტურა, გუშინ საღამოს შეძლო, რომ დერეფანში, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაევლო-გამოევლო. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავამატებთ, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება ნელ-ნელა და კონტროლის ქვეშ. დღეს გაუკეთდა ისევ კარდიოგრამა, ექოსკოპია, ყველაფერს ვამოწმებთ ყოველ დღე",- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მისი სიტყვებით, სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმები პაციენტ მიხელ სააკაშვილს მართავდნენ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცოდნენ - „ანალიზებიც მეჭირა ხელში, მისი მდგომარეობაც კარგად ვიცოდი“, - ამბობს ელენე გიორგაძე. გლდანის პენიტენციურ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტმა „გამოაცხადა უარი, როგორც სამედიცინო დახმარებაზე, ასევე ანალიზებზე“, შესაბამისად, ელენე გიორგაძის თქმით, მას უჭირს შეადაროს ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა იმას, რაც იყო გლდანის საკურნალო დაწესებულებაში. ენდოკრინოლოგის თქმით, მან პაციენტი გლდანიდან გორში გადაყვანის დღეს, შუადღით ნახა და „მაშინ ვთქვით, რომ სასწრაფოდ უნდა გადმოვიდეთ საავადმყოფოში“,- - ამბობს ენდოკრინოლოგი.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ელენე გიორგაძე კონსილიუმის სხვა წევრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დინამიკა არის დადებითი, ლაბორატორიული მაჩვენებლები ნელ-ნელა წესრიგდება.

„სხვათა შორის, ჩემი სიტყვების ციტირებას ახდენენ - ნუ ელოდებით რომ ფეხბურთს ითამაშებს. რა ვქნათ? დრო გვჭირდება“,- აღნიშნა ელენე გიორგაძემ.

19 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG