Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ იმნაძე: თუკი მოსამართლე არასწორი პროცესით ინიშნება უვადოდ, ის უვადო პრობლემაა


გურამ იმნაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი
გურამ იმნაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განმარტავს, რატომ მოუწოდებს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე, ვიდრე არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა.

„ერთი მხრივ, ეს არის პროცედურული საკითხი და პროცედურულ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული, მაგრამ, მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლო თავისი შინაარსით არის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებებიც აღარსად აღარ მიდის. ის არის ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილება, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამონაკლისებს, როცა ევროპულ საერთაშორისო მექანიზმებს ვიყენებთ. ანუ უზენაესი სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლო და დღეს და ხვალ ამ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებთან არის გასაუბრებები, რომლებიც ინიშნებიან უვადოდ და რომლებმაც შეიძლება არათუ 5 წლის და 10 წლის განმავლობაში, არამედ რაღაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრონ ჩვენი მართლმსაჯულების ბედი“, - განაცხადა გურამ იმნაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კანდიდატების ობიექტურად, თავისუფლად შერჩევას და ამას გარდა, დარღვეულია კანდიდატთა წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

გურამ იმნაძემ "დილის საუბრებში" თქვა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპი არის ის, რომ მისი შემადგენლობის ცვლილება პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებას არ უნდა მიჰყვებოდეს და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მათი დამოუკიდებლობის გარანტი უნდა იყოს, თუმცა ეს პრინციპი არ მუშაობს მაშინ, როდესაც უვადოდ დანიშვნის არასწორი პროცესი მიმდინარეობს. გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ არასწორი პროცესით დანიშნული უვადო მოსამართლე უვადო პრობლემაა:

„უვადოდ დანიშვნის შემთხვევაში, დამოუკიდებლობის გარანტი იმ შემთხვევაში მუშაობს, როცა თვითონ დანიშვნის პროცედურა არის სწორი და თუკი დამნიშნავი იღებს სწორ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ თუკი არასწორი პროცესია და დაუმსახურებლად ინიშნება მოსამართლე უვადოდ, ის უვადო პრობლემაა საბოლოო ჯამში და ჯობია, პირიქით, ვადიანად იყოს დანიშნული, როგორც წლების წინ იყო, როცა 10 წლით ინიშნებოდნენ ჩვენთან მოსამართლეები, იმიტომ, რომ თუნდაც იმის იმედი მაინც არსებობს, რომ 10 წლის შემდეგ უფრო უკეთესი პროცესით, უფრო უკეთესი გადაწყვეტილებით დაკომპლექტდება სასამართლო კორპუსი. დღეს ჩვენ, ერთის მხრივ, ასე ცალმხრივად ფრაგმენტული ცვლილებებით შემოვიტანეთ უვადოდ დანიშვნის მექანიზმი, რომ ვითომ მოსამართლეებს მივცეთ დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები, მაგრამ სხვა არცერთ ეტაპზე არ არის საკმარისი გარანტიები, რომ ეს უვადო დანიშვნა იყოს სწორად გამოყენებული და სწორი ხალხი შეირჩნენ სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა გურამ იმნაძემ „დილის საუბრებში“.

25 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში იწყება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად ოთხი კანდიდატი ჰყავს დასახელებული: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანოძე და თეა ძიმისტარაშვილი. კანდიდატებთან გასაუბრება დღეს და ხვალ გაიმართება.

ჩანიშნულ გასაუბრებას არასამთავრობო სექტორი ეხმიანება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ დანიშნოს ახალი მოსამართლეები მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების რეფორმა.

განცხადებაში წერია, რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს პარტიული გავლენებისგან თავისუფალი მოსამართლეების არჩევას და რომ კანდიდატები არ ფასდებიან კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად.

„სასამართლო სისტემის არსებითი რეფორმისა და პარლამენტში ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კონსენსუსით მიღების ვალდებულების გაჩენამდე, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტება, არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და აჩენს შესაძლებლობას, რომ სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - წერია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG