Accessibility links

site logo site logo

სოფელ ჭყონის ახალგარემონტებულ სკოლაში ჭერის ჩამოშლის მიზეზს სწავლობენ


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის საჯარო სკოლაში, სადაც გაკვეთილის მსვლელობისას ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, სამშენებლო კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პაშა გულორდავამ უთხრა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სწავლობენ, რამ გამოიწვია ახალგარემონტებულ სკოლაში ჭერის ნაწილის ჩამოშლა.

სოფელ დიდი ჭყონის სკოლაში, სადაც სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა, 24 ნოემბერს, გეოგრაფიის გაკვეთილზე ჭერი ნაწილობრივ ჩამოიშალა. მეცხრე კლასის გაკვეთილზე მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ეს სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი. ამ კლასში სულ 5 ბავშვია და იმ დღეს 3 ყოფილა... ჭერი არ ჩამოშლილა იმ ადგილას, სადაც ბავშვები ისხდნენ. ჩამოშლილია მსუბუქი კონსტრუქცია“, - განაცხადა რესურსცენტრის დირექტორმა.

სკოლაში სარემონტო სამუშაოები 1 მლნ 947 ათას ლარად კომპანია „ჰიდრომშენმა“ ჩაატარა. ამ თანხაში სკოლის სრული რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული. სწორედ ეს კომპანია გახდა გამარჯვებული მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო, სამუშაოებისას გამოეყენებინა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი ყოფილიყო მაღალი კვალიფიკაციის.

„ადგილზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები. არკვევენ რაც მოხდა. დღესვე გამოსწორდება ყველაფერი. ხელახლა შეამოწმებენ შენობას მთლიანად“, - უთხრა რადიო თვისუფლებას კომპანიის დირექტორმა ელგუჯა ტოტოჩიამ.

დიდი ჭყონის სკოლის მეცხრე კლასში სასწავლო პროცესი, მომხდარის გამო, 24-25 ნოემბერს ჩაიშალა. როგორც რესურსცენტრში განმარტავენ, გაცდენილ საათებს სხვა დღეებში აანაზღაურებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG