Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი გადააყენა ციხეებში წამების ამსახველი კადრების სკანდალის ფონზე


ალექსანდრ კალაშნიკოვი
ალექსანდრ კალაშნიკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თავმჯდომარე, ალექსანდრ კალაშნიკოვი, რომლის ადგილსაც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, არკადი გოსტევი დაიკავებს.

ამ საკადრო გადაწყვეტილების შესახებ კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში მითითებული არ არის კალაშნიკოვის მოხსნის მიზეზი. მაგრამ სააგენტო „ინტერფაქსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კალაშნიკოვის გადაყენების მიზეზი გახდა „სარატოვის ოლქის და სხვა რეგიონის ციხეებში პატიმრების სასტიკი წამების შესახებ ინტერნეტით გავრცელებული კადრები, რამაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.“

ბოლო კვირებში უფლებადამცველმა „გულაგუ.ნეტმა“ გამოაქვეყნა პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები.

საუბარია 40 გიგაბაიტზე მეტ ვიდეომასალაზე, რომელიც, პროექტის დამფუძნებლის, ვლადიმერ ოსეჩკინის სიტყვებით, „მოწმობს რუსეთის ციხე-კოლონიებში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურების აგენტებისგან შემდგარი იმ „ზონდერ-ჯგუფების“ არსებობას, რომლებიც კურატორების დავალებით აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს“.

წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კალაშნიკოვმა, ინფორმაციის სანდოობის გადასამოწმებლად, სარატოვში მდებარე ნომერ პირველ ტუბზონაში ინსპექტორთა ჯგუფი გაგზავნა. მოგვიანებით თანამდებობიდან გადააყენეს საპატიმროს ათობით თანამშრომელი და მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

XS
SM
MD
LG