Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი ევროკავშირს რუსეთის მიმართ მეტი ერთიანობისკენ მოუწოდებს უკრაინაზე მოსკოვის მზარდი ზეწოლის ფონზე


ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს ტოვებს, 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს სანქციების გასაძლიერებლად რუსეთის წინააღმდეგ, თუ ვითარება კიდევ უფრო გართულდება უკრაინის ან პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე.

ამის შესახებ ანგელა მერკელმა ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრაზე, რომელზეც მთავარი ყურადღება გამახვილდა მწვავე კრიზისზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დაძრული მიგრანტების დაბანაკებამ წარმოშვა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, ტადეუშ მორავეცკის თქმით პოლონეთი არ აჰყვება „პოლიტიკურ შანტაჟს“, მაგრამ ევროკავშირმა უნდა მოამზადოს სანქციები ბელარუსის მიმართ, მათ შორის ვაჭრობის სფეროში. მორავეცკიმ კვლავ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა მიგრანტთა დიდი ტალღისგან „იცავს“ გერმანიას“ და მთელ ევროკავშირს.

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები მოსკოვს ადანაშაულებენ უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციასა და ბელარუსის იმ „ჰიბრიდული“ კამპანიის მხარდაჭერაში, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის გაჩაღებას.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, „პოლონეთი აკეთებს ყველაფერს“ თავის საზღვარზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და შექმნილ ვითარებაში სრული სოლიდარობა გამოხატა ვარშავის მიმართ.


25 ნოემბერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთ-ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივად პატრულირებენ ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე.

ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა დეესკალაციის აუცილებლობაზე, მაგრამ დასძინა, რომ „ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ რუსეთს ძვირი დაუჯდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG