Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი კალათბურთის დაბრუნება - საქართველო მსოფლიოსკენ მიმავალ გზას უკრაინით იწყებს


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეიდან იწყებს ბრძოლას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის. 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში, ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შესარჩეევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრას კი 29 ნოემბერს გამართავს, სტუმრად, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - ესპანეთთან. ამავე ჯგუფშია ჩრდილოეთ მაკედონიაც.

შესარჩვ ციკლში გუნდები ორ-ორჯერ ითამაშებენ ერთმანეთთან, შინ და სტუმრად და საბოლოო შედეგების მიხედვით, სამი საუკეთესო ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

საკადრო პრობლემები

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - ფიბასა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ევროლიგის ხელმძღვანელები უკვე წლებია, ვერაფრით თანხმდებიან სანაკრებო შეხვედრებში ევროლიგის კალათბურთელების მონაწილეობაზე. შედეგად, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე, ნაკრებებს შესუსტებული შემადგენლობებით უწევთ თამაში. ამ იძულებითი საკადრო პრობლემის გამო, საქართველოს ნაკრებს ბევრი მოსაგები თამაში წაუგია, თუმცა, ამჯერად, ფიბა-ევროლიგის უთანხმოება ზუროსის გუნდს წინანდლზე ნაკლებად აწუხებს. ევროლიგაში მოთამაშე თორნიკე შენგელია ლამის დაკანონებული შეზღუდვის მიუხედავად, მაინც ახერხებს ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშს, რადგან, მოსკოვის „ცსკა“-სთან კონტრაქტის გაფორმებისას, კატეგორიულად მოითხოვა, სანაკრებო შეხვედრებზე შეზღუდვა მას არ შეხებოდა და ჩაადებინა კიდეც რუსებს ეს პუნქტი ხელშეკრულებაში. ამრიგად, ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრებს ორივე უახლოეს მატჩში დაეხმარება.

თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია

საკადრო პრობლემებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთამაშე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, რომლებიც უკრაინასთან და ესპანეთთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს გაცილებით გააძლიერებდნენ, მაგრამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გახურებული სეზონია და ასეთ დროს ნაკრებში მოთამაშის გაშვებაზე საუბარიც ზედმეტია.

მომავალ შეხვედრებში სანაკრებო მაისურს ვერც გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე მოირგებენ. ცინცაძე ტრავმირებულია და წინ მუხლის ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. სანაძემ კი გადატანილი კოვიდის შემდეგ, ჯერ ვერ შეძლო ოპტიმალური ფორმის აღდგენა.

შემადგენლობა

ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადბლად, ორი კვირის წინ დაასახელა გაფართოებული - თვრამეტკაციანი შემადგენლობა. ნაკრების კანდიდატების საწვრთნელი შეკრება 20 ნოემბერს დაიწყო. ხუთიოდ დღეში კი ბერძენმა სპეციალისტმა ის ცამეტი მოთამაშე შეარჩია, რომლებსაც უახლოეს ორ თამაშში გამოიყენებს:

გამთამაშებლები: თად მაკფადნი („მურსია“. ესპანეთი), ლუკა მაზიაშვილი („ცხუმ-აფხაზეთი“. საქართველო), გივი ბაქრაძე („ოლიმპი“. საქართველო), ოთარ ფხაკაძე („ქუთაისი“);

მსუბუქი ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე („ოლიმპი“. საქართველო), მერაბ ბოქოლიშვილი („რუსთავი“);

ფორვარდები: მიხეილ ბერიშვილი („თსუ“. საქართველო), გიორგი კორსანტია („ქუთაისი“), ალექსანდრე ფევაძე („გრან კანარია“. ესპანეთი), თორნიკე შენგელია („ცსკა“. რუსეთი), ბექა ბურჯანაძე („ბეტისი“, ესპანეთი);

ცენტრები: გიორგი შერმადინი („ტენერიფე“. ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე („კაენი“. საფრანგეთი).

გიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი

გზა მსოფლიოს ჩემპიონატამდე

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს არასოდეს უთამაშია. მიმდინარე შესარჩევი ციკლი ქართველი კალათბურთელებისთვის ახალი მწვერვალის დაპყრობის რეალური შანსია და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრი სირთულის დაძლევა დასჭირდბათ.

შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე, ევროპის ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრები რვა ჯგუფში გადანაწილდა. ორი წრის (ექვსი თამაშის) შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ოცდაოთხი ნაკრები გააგრძელებს - რვავე ჯგუფის სამ-სამი საუკეთესო.

შედგება ახალი, ექვსგუნდიანი ჯგუფები. პირველი ეტაპიდან გასული თანაჯგუფელები ისევ ერთ ჯგუფში იქნებიან, სხვა ჯგუფიდან გასულ სამ გუნდთან ერთად. ყოფილ თანაჯგუფელებს ერთმანეთთან ნათამაშები შედეგები მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ და მხოლოდ ექვს-ექვს თამაშს ჩაატარებენ, სამ ახალ ჯგუფელთან, შინ და სტუმრად. საბოლოო შედეგების მიხედვით, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს ოთხივე ექვსგუნდიანი ჯგუფის სამ-სამი საუკეთესო ნაკრები.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება სამ ქვეყანაში: იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში.

რევანშის მოლოდინი

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალ გრძელ გზას ერთმანეთთან დაპირისპირებით იწყებენ და სასტარტო გამარჯვებას მომავალი წარმატებისთვის ბრძოლაში ორივესთვის უდიდესი ფასი აქვს. აქამდე, ეს ორი ნაკრები ოფიციალურად ორჯერ შეხვდა და საერთო ანგარიშია 1:1.

2011 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები უკრაინის ძლევით გავიდა მომდვნო ეტაპზე. 2017 წელს კი ასევე ევრობასკეტზე, სწორედ უკრაინასთან წაგებას მოჰყვა ჯგუფში ჩარჩენა. იმის შემდეგ, ქართველი და უკრაინელი კალათბურთელები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. სპორტის სასახლეში, მასპინძლებს რევანში აქვთ ასაღები.

დღეს, საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან დაახლოებით სამი ათასი გულშემატკივარი უქომაგებს. თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელი ტრიბუნებს უბრუნდება, თუმცა ისევ ეპიდვითარების გათვალისწინებით, სპორტის სასახლეში, მხოლოდ ტრიბუნების მესამედი შეივსება.

„ქომაგების გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარება. გუნდში მშვენიერი განწყობაა და ვეცდებით, საუკეთესო შედეგით გაგახაროთ. ნოემბერში ორი რთული თამაში გველის. უკრაინასთანაც და შემდეგ ესპანეთშიც, მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ილიას ზუროსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG