მოსამართლე ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ არ ახსოვს, რატომ დაჯარიმდნენ „ქართული ოცნების“ შემომწირველები 2012 წელს, ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების განმარტება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სთხოვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენის ფარგლებში.
„ანუ თვლიდით, რომ ის [თანხის] წარმომავლობა, რაც მოიტანა ამ ხალხმა, რომ ჰქონდა წლების განმავლობაში მაღალი შემოსავლები არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი?! ასე გამოდის... მანდ ძალიან მარტივი საქმე იყო - მაგალითად, თუ ვარ უმუშევარი და 60 ათასი ლარი შევწირე პარტიას, გასაგებია, რომ ძნელად შეიძლება დავამტკიცო, საიდან მოვიტანე ეს თანხა... პირობითად ვამბობ. მაგრამ თუ მაქვს ძალიან მაღალი შემოსავლები, მარტივია, რომ ეს დანაზოგი მქონოდა“, - ჰკითხა მოსამართლეს დეპუტატმა მაჭარაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლემ თეა ძიმისტარაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არც წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ახსოვს და არც მისი დეტალები.
„ერთი საქმე იყო, მგონი, რომელიც განვიხილე... დეტალები ნამდვილად აღარ მახსოვს, მაგრამ თუ იქნებოდა მოძიებული, გამახსენდებოდა... შევეცდები, გავიხსენო“, - თქვა მან.
გურამ მაჭარაშვილი უპირატესობას არა დეტალებს, არამედ პრინციპს ანიჭებს და ისურვებდა, რომ კანდიდატებმა უფრო თამამად ილაპარაკონ წინა ხელისუფლების წნეხის მოხსნაზე „ქართული ოცნების“ მიერ.
„დეტალები კი არ მაინტერესებს, პრინციპი ამ საქმის... ყველას გვახსოვს, მაშინ რა მანქანა მუშაობდა... მთლიანი პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა, რაც ჩვენ მოვხსენით, რატომღაც ეს უჭირთ ადამიანებს, ვინც წარმოდგებიან ხოლმე აქ კანდიდატებად, რომ ეს ზოგადად თქვან... ეს არ არის პრობლემა, ამას ვამბობ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„არ გვიჭირს“, - უპასუხა მას მოსამართლე ძიმისტარაშვილმა. უბრალოდ, მისი შეფასებით, მაშინ „იყო ასეთი სტანდარტი - ყველაფერი საჯარო ინტერესების სასარგებლოდ“ და „კანონმდებლობაც ასე იყო მორგებული“.
ზოგადად, მოსამართლის შეფასებით, „ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ბოლო წლებმა შეუწყო მაქსიმალურად ხელი“. ის წინა წლებთან მიმართებით „გარკვეულ ჩარჩოსაც“ ახსენებს, თუმცა თეა ძიმისტარაშვილი იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის ხელყოფა არც წინა ხელისუფლების დროს უგრძვნია.
"ჩემს საქმიანობაში არასოდეს არავინ არ ჩარეულა და დამოუკიდებლად ვახორციელებდი სამოსამართლო საქმიანობას", - განაცხადა მოსამართლემ.
თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 15 ნოემბერს წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი პარლამენტის კომიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არ არის ჩართული სახალხო დამცველის აპარატი და არც დიპლომატიური კორპუსი. ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა „დაპაუზდეს“ სასამართლო რეფორმის შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე.
საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი, მათ შორის - სასამართლოს მიმართ სანდოობის თვალსაზრისით, დიდ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას, იმ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გარეშე, რომელზეც ლაპარაკია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ძალისხმევით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში. „შარლ მიშელის შეთანხმებას“ 28 ივლისს ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“.
დაწერეთ კომენტარი