Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს სხდომას მიხეილ სააკაშვილი დაესწრება - საქალაქო სასამართლოს ეზოში არავის უშვებენ


თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად დაესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასამართლოში გადაყვანა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა. საქალაქო სასამართლოს გარშემო ტერიტორია გადაკეტილია და შენობასთან არავის უშვებენ. ადგილზე უკვე იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 29 ნოემბერს გაგრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG