Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო... შეცდომები ერთია და დანაშაული - მეორე


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო, - აცხადებს სასამართლო სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ ბევრ შეცდომას ძალიან ნანობს. თუმცა ის დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს.

„კარგად მახსოვს ჩვენი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ნიკა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველვყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია“, - იხსენებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა შეეხო ძალიან ბევრ ადამიანს და ახლა ეხება მასაც.

„ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ”, - ამბობს სააკაშვილი და ამატებს: „მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული - მეორე“.

ბრალდებული პრეზიდენტი უარყოფს დანაშაულის ჩადენას.

„საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ ახლა თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო“, - ამბობს ის.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეებზე. ექსპრეზიდენტი საქართველოში წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG