Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს - სხდომა მის გარეშე გრძელდება


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.

სასამართლო სხდომა მიხეილ სააკაშვილმა შესვენების გამოცხადების შემდეგ დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სხდომაზე განაცხადა, ექიმების რეკომენდაციაა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომა გადაიდოს:

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმების რეკომენდაციაც არის, დაახლოებით საათი ორი საათის მანძილზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, ვიდრე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გაგრძელდება, ეს შუამდგომლობები არის საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელო. მე დღეს ობიექტურად მოლოდინი არ მქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამდენი საათის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემდა შესაძლებლობას, რომ პროცესში მონაწილეობა მიეღო და ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, თუ გადავდეთ და შემდეგ პროცესებზე გავაგრძელებთ განხილვას, თუ მნიშვნელოვანია, რომ მაინცდამაინც დღეს გაგრძელდეს განხილვა, ესეც არ არის პრობლემა, შუამდგომლობები მზად გვაქვს და წარმოვადგენთ“.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 29 ნოემბერს, 17:00 საათამდე გახანგრძლივდა და ამ წუთებში პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა საპროტესტო აქციაც, სადაც რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დააკავეს 15 პირი. მათ ბრალად ედებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

დაკავებულებს შორისაა პოლიტიკოსი გიგი უგულავაც.

ამ დროისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დასრულებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG