Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატოს მინისტერიალში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით დაესწრება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას, რომელიც დღეს, 30 ნოემბერს, იწყება ლატვიის დედაქალაქ რიგაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში და კოლეგა მინისტრებს სიტყვით მიმართავს.

ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ნატოელი მოკავშირეები ალიანსის ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ ხედვებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და იმსჯელებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. რიგის მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია რიგაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში”, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG