დღეს, 30 ნოემბერს, რიგაში იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება ნატოსადმი აშშ-ის ურყევი ერთგულების შესახებ, რომელშიც საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რიგაში, ნატოს გენერალურ მდივანთან და მინისტრებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხაზს გაუსვამს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძალას, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოს წარმატებას და აშშ-ის ადინისტრაციის ერთგულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მოკავშირეებისადმი.
განცხადების იმ ნაწილში, რომელიც ნატოს "ღია კარის პოლიტიკას" ეხება, ნათქვამია, რომ აშშ განაგრძობს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული და მას შემდეგ არაერთხელ, მათ შორის, 2021 წელს, ბრიუსელის სამიტზე დადასტურებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ყოველწლიური ეროვნული პროგრამები დეტალურად აღწერენ წევრობისკენ გზას და საქართველო და უკრაინა უკვე არიან „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის“ წევრები, რაც ზრდის ნატოელ მოკავშირეებთან მათ თავსებადობას და საწვრთნელ შესაძლებლობებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ნატოს ლიდერები ერთგული არიან "ღია კარის პოლიტიკისადმი", რომელიც უზრუნველყოფს გზას ალიანსის წევრობისკენ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ნატოს ფასეულობებს და ვალდებულებებს ასრულებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საუბარია სხვადასხვა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზეც, მათ შორის, რუსეთის აგრესიის ესკალაციაზე აშშ-ის და მისი ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთობლივ რეაგირებაზე.
დაწერეთ კომენტარი