Accessibility links

site logo site logo

ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს


რიგაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა და მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს უახლოესი პარტნიორია და ხაზი გაესვა მის წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ნატოს ოპერაციებსა და მისიებში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში, რომელიც დღეს, 1 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეობდნენ ნატოს ასპირანტი ქვეყნების - საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის გააგრძელოს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.


ნატოს სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ამ კონტექსტში ალიანსის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათი ინტეგრაციული მექანიზმების გაძლიერება და შემდგომი მხარდაჭერა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიგის მინისტერიალზე მიიღეს სპეციალური ანგარიში ასპირანტი ქვეყნების შესახებ, რომელშიც ასახულია ასპირანტების მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და გაწევრიანების გზაზე ალიანსის მხრიდან ასპირანტების დახმარების კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რიგის მინისტერიალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ნატოს 2022 წლის სამიტის წინ, რომელზეც ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დამტკიცდეს. სამინისტროს თანახმად, მინისტერიალის მოსამზადებელ პერიოდში ქართულმა მხარემ შეიმუშავა და ალიანსს გადასცა საკუთარი ხედვები ნატოში ინტეგრაციის გზაზე როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც მათ შორის, გულისხმობს რეფორმების განხორციელებას, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მედეგობის განმტკიცებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG