Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სხდომას ესწრება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს.

საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც უშუალოდ სასამართლოს ტერიტორიაზე არ უშვებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

"მიხარია, რომ დარბაზში უკვე მარტო არ ვიქნები და უკვე საერთო ძალებით, მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, არტილერია შემომემატა სასამართლოზე და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და უფრო ფართოდ იქნება ცნობილი აბსოლუტურად ყველა ქართველისა, თუ არაქართველისთვის რა აბსურდთან გვაქვს, ხალხნო, საქმე", - უთხრა მედიას სხდომის დაწყებამდე ჯანაშიამ, რომელიც დღემდე საქმის განხილვაში სააკაშვილის გარეშე მონაწილეობდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG