Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანის თქმით, იმედგაცრუებული არიან უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ იმედგაცრუებული არიან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა დანიშვნით, მთლიანი პროცესით და ასევე გაუგებარია, რატომ იჩქარა პარლამენტმა მოსამართლეთა დანიშვნა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ბევრი სხვა გადაუწყვეტელი პრობლემაც არსებობს:

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ პარლამენტმა გააგრძელა ეს პროცესი. მართლაც რთულია იმის გაგება, თუ რატომ იჩქარა ასე, როდესაც ჯერ არ ჩატარებულა სრულყოფილი, დაწვრილებითი მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც იყო შეთანხმება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი სხვა გამოწვევა ქვეყნის წინაშე, რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა, რატომ გახდა ეს დანიშვნის პროცესი პრიორიტეტული. ახლა სასამართლო სისტემაში იქნება კიდევ ოთხით მეტი უვადო მოსამართლე, რომელთა არჩევისას არ იყო უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საქართველოს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მათი კვალიფიკაციისა და სხვა საკითხების შესახებ. ზოგადად მართლმსაჯულების რეფორმა ემსახურება იმ იდეას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე, მოსამართლეები იყვნენ უფრო მეტად კვალიფიციურები, ეთიკურები, მიუკერძოებლები და შესაბამისად, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ სისტემის მიმართ. იმედს ვიტოვებთ, რომ განხორციელდება აღნიშნული რეფორმა", - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში სასტუმრო "ბილტმორში" მიმდინარე ღონისძიების დაწყებამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურიც. მათ თანახმად, 1 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების პირობას და ასევე ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის მიმართ საფრთხეს.

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 1 დეკემბერს მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს. გადაწყვეტილების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ გახდნენ: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი.

უფრო ადრე, 2021 წლის 12 ივლისს, პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს წევრი უვადოდ გახდა კიდევ 6 მოსამართლე. ეუთომ ეს შეაფასა პროცესად, რომელსაც "აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა".

უზენაეს სასამართლოში კიდევ 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის განზრახვას ისევ მოჰყვა როგორც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის, ისე ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკა, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი არ შეაჩერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG