კრემლში „რუსეთის მისამართით გამოთქმულ პირდაპირ საფრთხედ“ შეაფასეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ყირიმის თაობაზე. რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 დეკემბერს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის უკან დაბრუნება „უკრაინის მთავარ მიზნად და ფილოსოფიად უნდა იქცეს.“
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ზელენსკის აღნიშნული განცხადება კრემლში აღიქვეს, როგორც განზრახვა, რომ „კიევის რეჟიმმა“ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ძალისმიერიც, შესაძლოა გამოიყენოს რუსეთის რეგიონის ხელყოფის მიზნით.
"კვლავინდებურად მაღალი რჩება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ალბათობა“, - განაცხადა პესკოვმა, რომელმაც კიევი დაადანაშაულა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების პოზიციებზე იერიშის მზადებაში.
ვერხოვნა რადაში სიტყვით გამოსვლის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი მართლა შეეხო დონბასისა და ყირიმის თემას, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. ყირიმზე საუბრის დროს ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნახევარკუნძულის დაბრუნება უკრაინის პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის შესახებ. წინა დღით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები დონბასზე შეტევას არ აპირებენ.
თავის მხრივ, უკრაინა და მისი მოკავშირე ქვეყნები დასავლეთში რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის განზრახვაში.
უკრაინა და დასავლეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო და მძიმე შეიარაღება შეინარჩუნა უკრაინის საზღვართან, მას შემდეგ, რაც დასავლეთ რუსეთში წელს სამხედრო წვრთნები ჩატარდა და გაუგებარია, "გადაწყვეტილი აქვს თუ არა პრეზიდენტ პუტინს შეჭრა".
რუსეთი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტებს უჭერს მხარს, უარყოფს თავდასხმის გეგმის ქონას. მოსკოვი უკრაინას და მის დასავლელ მხარდამჭერებს ადანაშაულებს დაძაბულობის ზრდაში და მიუთითებს პროცესებზე, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების ზრდას წარმოადგენს.
უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის შესახებ შეშფოთების ფონზე, ნატოელმა მოკავშირეებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ ის მძიმე საფასურს გადაიხდის ნებისმიერი სახის აგრესიისთვის თავისი მეზობლის წინააღმდეგ, მოსკოვმა კი დასავლურ სამხედრო ალიანსს მოუწოდა, არ გადაკვეთოს "წითელი ხაზები".
დაწერეთ კომენტარი