Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯი 355 მლნ ლარით გაიზარდა


დიღმის საველე ჰოსპიტალი.

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შევიდა.

ჯანდაცვის სექტორში დაფინანსება ჯამში 376 მლნ ლარით იზრდება. აქედან 355 მლნ ლარით იზრდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 20 მლნ ლარი ემატება სოციალურ მიმართულებას, რომელიც 60 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის წახალისებას მოხმარდება.

„გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ასევე შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტიც. ხარჯვითი ნაწილის ზრდა მიმართული იყო ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯების აუცილებლობით. ეს ეხებოდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ წლის მეორე ნახევარში საჭირო იქნებოდა დაახლოებით 4500-მდე საწოლის მობილიზება, თუმცა, ვირუსის გავრცელებას ჰქონდა უფრო ფართო მასშტაბი და საბოლოო ჯამში 9000-ს გადააჭარბა მობილიზებული საწოლების რაოდენობამ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი ხარჯების გაწერა ინფიცირებული მოსახლეობის მკურნალობისთვის. ყოველივე ამან გამოიწვია აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯები მიგვემართა. სწორედ ეს იყო ის მთავარი მიზანი და მიზეზი, რის გამოც საჭირო გახდა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება“, - თქვა გიორგი კაკაურიძემ.

იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით და 16,0 მლნ ლარით დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება.

კაკაურიძის ინფორმაციით, ხარჯვითი ნაწილის შემცირება ეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორ პროგრამას - „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში საკრედიტო საგარანტიო სქემისთვის გამოყოფილი თანხა მცირდება 35.0 მლნ ლარით და 22,6 მლნ ლარით მცირდება პროგრამა, რომელიც ინტერნეტიზაციას ეხება.

12 მლნ ლარით მცირდება საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. სავალუტო კურსების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში მცირდება 85,0 მლნ ლარით, მათ შორის: საშინაო ვალის მომსახურება მცირდება - 20,0 მლნ ლარით; საგარეო ვალის მომსახურება მცირდება 50,0 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალის დაფარვა მცირდება 15,0 მლნ ლარით.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10%, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8%. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 58, 5 მლრდ ლარის ოდენობით. დეფიციტის მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია და განისაზღვრება 6,7 %-ით. ვალის მაჩვენებელი შემცირებულია და მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება 51,7 %.

კაკაურიძე ამბობს, რომ დაგეგმილთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში საგადასახადო შემოსავლები იზრდება 300 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მცირდება ვალის აღების მაჩვენებელი. „რეალურად წელს ვალის აღების ნაცვლად, ჯამურად 300 მლნ ლარს შიდა ვალს დავფარავთ. რაც შეეხება საგარეო ვალს, იმ თანხების ხარჯზე, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე ჩამორიცხულია, აისახება ბიუჯეტში და საგარეო ვალის ნაწილი იქნება დაახლოებით 19 მლნ ლარის ოდენობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG