Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას თქმით, „ოცნება“ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაამტკიცებს, ოპოზიცია მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ ილაპარაკა „TV პირველის“ ეთერში. ის ამბობს, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობა უარს იტყვის მის მიღებაზე, ოპოზიცია ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს.

„ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. პირველი, არ არის ეს უმნიშვნელო, შეიძლება ეს ყურს ვიღაცას სჭრის, ფიქრობდეს, რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში. არა, მნიშვნელოვანი არის, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა მიხეილ სააკაშვილის დახსნის. „ქართული ოცნება“ თუ ამ ცვლილებებს არ მიიღებს უახლოეს პერიოდში, ჩვენ, ოპოზიცია, განსაკუთრებით, ვინც პარლამენტში ჯერ კიდევ ვართ და იქ დარჩენის მიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მერე გადაწყვეტილებას მივიღებთ ადეკვატურს. იქნება ახალი, დამატებითი პლატფორმა, საიდანაც სხვა საპროტესტო მოძრაობაც დაიწყება, მაგრამ უნდა ვაიძულოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. დღევანდელი განცხადება ქალბატონი კელი დეგნანის, შემთხვევით კი არ იყო, რომ ტირანია ახსენა, - თქვა მელიამ და დაამატა, - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ [ხელისუფლებას] ეს ძალიან სწრაფად გავაკეთებინოთ და ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება, მე მჯერა. მე ხო ვიცი, კულისებს მიღმა, რას ვაკეთებთ და როგორ ვემზადებით. საპროტესტო მოძრაობას სჭირდება რესურსებით გაძლიერება. მზად უნდა შეხვდე შენ საპროტესტო მოძრაობას, რომ ბოლოში გაიყვანო, მაგრამ ისე გააკეთო, რომ რასაც პირველივე დღიდან ვაკეთებთ - არაძალადობრივად, მაგრამ მწვავედ“.

მელია ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ უსამართლოდ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები, მისი განაჩენის გამოცხადებას არ შეეგუება.

„ეს კვანძი მინდა გაიხსნას სისხლისღვრის გარეშე“, - თქვა მან.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ განიხილება და რომ ცვლილებების განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე".

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.

XS
SM
MD
LG